არჩევნები 2020

კალაძე: ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად გრძნობს ხალხის მაჯისცემას

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს, რეალური შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს. წარმატებული, განვითარებული, ევროპული ქვეყნის ასაშენებლად ჩვენ გვჭირდება თითოეული მოქალაქის ენერგია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის შენების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმსახურებს წარმატებას, იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამის მიღწევა კი ერთიანობის გარეშე რთული იქნება, ეს საქართველოს წარმატების გასაღებია. 

გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში, ყველაზე კარგად გამოჩნდა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობას, სწორ მენეჯმენტსა და საქმეზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დღის წესრიგს. ამ საშინელმა პანდემიამ ნათლად დაგვანახა სად არის შავი და სად თეთრი, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ზუსტად არჩევს მტერსა და მოყვარეს. რაც მთავარია ვირუსთან ბრძოლამ ყველას გვაჩვენა რამხელა შესაძლებლობას გვიხსნის საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთად დგომა. ჩვენი ერთიანობა არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტია. 

მე მჯერა, ჩვენ ყველა ერთად არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ, გავიმარჯვებთ ყველა გამოწვევაზე, გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემაზე და ჩვენს ქვეყანას საბოლოო გამარჯვების გზაზე გავიყვანთ. 

თბილისის მერი კახა კალაძე ქართული ოცნების მაჟორიტარების წარდგენისას.

კომენტარები