აშშ-საქართველო

ეუთოში აშშ-ს წარმომადგენელი რუსეთს: გაათავისუფლეთ საქართველოს მოქალაქე

U.S. Mission to the OSCE

ეუთოში აშშ-ს მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ლეინ დარნელ ბალმა ვენაში ეუთოს საბჭოს წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში რუსეთის ოკუპაციური ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის არაკანონიერ დაკავებაზე ისაუბრა.

“ამერიკის შეერთებული შტატები ღრმადაა შეწუხებული უკანასკნელი კვირის ანგარიშებით, რომლებიც გვამცნობს, რომ უშიშროების ძალებმა რომლებიც რუსული ხელმძღვანელობის ქვეშაა, 11 ივლისს ესროლეს, დაჭრეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან.

ჩვენ ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და შემდგომ დაკავებას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები და დაუბრუნდეს კონფლიქტამდელ პოზიციებს, შექმნას გარემო ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა შეაჩეროს სტაბილურობის დამრღვევი ქმედებები, გაატაროს 2008 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია.” - განაცხადა ლეინ დარნელ ბალმა.

საოკუპაციო ძალების მიერ საქართვლოს მოქალაქის უკანონო დაკავებას გამოეხმაურა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერი, მორგან ორტაგუსიც. მან რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. 

ინციდენტს ასევე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და რუსეთს საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა რუს სამხედროებს და საპასუხო სროლის დროს დაიჭრა. მას აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და გადაიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე იმყოფება. 

კომენტარები