ნიკა მელია

მელია: გპირდებით, ოპოზიცია გლდანში პირველივე ტურში გაიმარჯვებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ Edison Research-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვასთან დაკავშირებით ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა.

ნიკა მელიას განცხადებით, ის თვეზე მეტია “ველზეა”, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უამრავ ადამიანს შეხვდა და თეორიულადაც კი გამორიცხავს საქართველოში ქართული ოცნების გამარჯვებას. 

“თავდაჯერებული ვარ გამარჯვებაში პირველივე ტურში. აუცილებლად გპირდებით, რომ პირველ ტურში გლდანში ოპოზიცია გაიმარჯვებს. როდესაც მხარს გიჭერს ყველა ოპოზიციური პარტია, ერთის მხრივ კანდიდატს არ აყენებს გლდანში და მეორეს მხრივ გეხმარებიან, ანგარიშვალდებული ხდები არამხოლოდ იმ პარტიის მიმართ, რომელსაც წარმოადგენ, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის მიმართ. რომელთა შორის არის უდიდესი განსხვავებები, მათ შორის იდეოლოგიური, მაგრამ ყველანი ერთად ვთანხმდებით 20 ივნისის შემდეგ, რომ ოლიგარქი ამ ქვეყანას არ უნდა იყოს მომჯდარი. ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს მომავალი არ უნდა წაართვას.” -  განაცხადა ნიკა მელიამ.

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "ვის მისცემდით ხმას გლადნის მაჟორიტარულ ოლქში - არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს" გამოკითხულთა 35% ნიკა მელიას ასახელებს.

32% ამბობს, რომ მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა, 1% კი ამბობს, რომ სხვა კანდიდატს. პასუხსე უარი გამოკითხულთა 32%-მა თქვა.

კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა 2 000 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.1%-ია.

Edison Research-ის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% ევროპულ საქართველოს. დანარჩენი შედეგები კი შემდეგნაირად ნაწილდება:

ლეიბორისტული პარტია 3%, ლელო - 3%, ახალი საქართველოსთვის - 3%, პატრიოტთა ალიანსი - 3%, გირჩი - 2%, მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის (ნინო ბურჯანაძე) - 1%, გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%, სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%, თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%.

გამოკითხულთა 20%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

კომენტარები