ბელარუსი

ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 250-ზე მეტი ადამიანი დააკავა

Reuters

ბელარუსში ოპოზიციონერებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის გამო საპროტესტო აქცია გაიმართა. დედაქალაქ მინსკის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც. პოლიციამ 250-ზე მეტი მომიტინგე დააკავა. საქმე აღიძრა როგორც აქციის მონაწილეების, ასევე ორგანიზატორების წინააღმდეგ.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ ოპონენტს, ვიკტორ ბაბარიკოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა.

56 წლის ყოფილი ბანკირი ფინანსური დანაშაულების ბრალდებით 18 ივნისს დააკავეს. წარსულში ის Belgazprombank-ის დირექტორი იყო, რომელიც Gazprom-ის შვილობილი კომპანიაა. ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ივან ტერტელმა თქვა, რომ ის მოსკოვის მიერაა მართული.

დაკავების პასუხად მინსკის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა.

ცოტა ხნის წინ ბელარუსში დააკავეს კიდევ ერთი ოპოციზიონერი, მიკოლა სტატკევიჩი.

საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს უნდა ჩატარდეს. ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს და სურს, პრეზიდენტის პოსტზე მეექვსე ვადით დარჩეს.

ბელარუსში ევროკავშირის დელეგაციამ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არჩევნების დემოკრატიული ბუნებისა და სამართლიანობისთვის საფუძვლის შერყევად შეაფასა.

პოლიტიკური რეპრესიებისა და კორუფციის გამო აშშ-მ ბელარუსს სანქციები გაუხანგრძლივა.

კომენტარები