ძეგლის ჩამოგდება

ბრისტოლში კოლსტონის ქანდაკება Black Lives Matter-ის დემონსტრანტის ქანდაკებით ჩაანაცვლეს

AP

ბრისტოლში მონებით მოვაჭრე ედვარდ კოლსტონის ქანდაკება ანტირასისტული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალის ქანდაკებით ჩაანაცვლეს.

ქანდაკება მარკ ქუინს ეკუთვნის. ხელოვანის ინსპირაცია დემონსტრანტი ჯენ რიდი გახდა. აქციიდან გავრცელდა სურათები, სადაც ჩანს, როგორ დგას მარჯვენახელაწეული რიდი კოლსტონის ქანდაკების ცარიელ პედესტალზე.

ქანდაკება, რომელსაც "The Surge of Power" ჰქვია, ქუინის გუნდმა ოთხშაბათს, დილის 5 საათამდე, ბრისტოლის მერიის გაუფრთხილებლად აღმართა. ჯერჯერობით უცნობია, დატოვებენ თუ არა ახალ ქანდაკებას.

ანტირასისტული აქციის შემდეგ ბრისტოლის მერმა, მარვინ რისმა განაცხადა, რომ ცარიელი პედესტალის ბედი კონსულტაციების შემდეგ დემოკრატიულად გადაწყდებოდა.

მონებით მოვაჭრე ედვარდი კოლსტონის ქანდაკების ჩამოსაგდებად მომიტინგეებმა თოკები გამოიყენეს. ქალაქში მე-17 საუკუნის გამოჩენილი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ქანდაკება მრავალი წლის განმავლობაში იდგა.

კოლსტონმა აფრიკიდან ამერიკაში 80 000 ადამიანი – კაცი, ქალი და ბავშვი გაყიდა.

თუმცა, ის მხოლოდ მონებით მოვაჭრე არ ყოფილა - იყო ვაჭარი, ფილანტროპი და პარლამენტის წევრი. აშენებდა სკოლებს, თავშესაფრებს, საავადმყოფოებსა და ეკლესიებს ბრისტოლში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში.

კოლსტონი 1721 წელს დაიღუპა, თავისი სიმდიდრე კი ქველმოქმედებას უანდერძა. მისი მემკვიდრეობა ბრისტოლის ქუჩებში, შენობებსა და მემორიალურ დაფებზეა ასახული. დღემდე ფუნქციონირებს მის მიერ დაფუძნებული რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი. კოლსტონმა სიმდიდრე, ძირითადად, მონებით ვაჭრობით დააგროვა.

კომენტარები