კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

მდინარაძე ტელეკომუნიკაციებზე: ისეთ ცვლილებას მივიღებთ, ბიზნესს განვითარებაში ხელს შეუწყობს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება ამ დრომდე მსჯელობდა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების რისკებზე. 

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა უკვე ორჯერ გადაიდო.

"საბოლოო ჯამში, მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამ ცვლილებების სახით, პროდუქტს, რომელიც არც ერთ მხარეს და არც მეორეს არათუ დააზიანებს, არამედ ხელს შეუწყობს განვითარებაში [ბიზნესს] და ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფოს სწორ სტრატეგიას". – თქვა მამუკა მდინარაძემ. 

დეპუტატმა ისიც თქვა, რომ "თავის დროზე" ასეთი კანონის მიღებაზე ვინმეს რომ ეფიქრა, წინა ხელისუფლება ვერ შეძლებდა რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვას. მამუკა მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, რა სტრატეგიულ ობიექტებზე საუბრობს. 

"თავის დროზე მსგავსი ნორმების შემუშავებაზე ვინმეს რომ ეფიქრა, ნაციონალური მოძრაობა ვერ მოახერხებდა სტრატეგიული ობიექტების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მიეყიდა ოკუპანტი ქვეყნისათვის". – ამბობს დეპუტატი. 

კომუნიკაციების კომისიის საკანონმდებლო ინიციატივა თავდაპირველად ითვალისწინებდა ცვლილებებს როგორც მაუწყებლის, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში, თუმცა, მედიის მიერ კრიტიკის გამოთქმის შემდეგ მაუწყებლის კანონის ნაწილი უკან გაიწვია. პარლამენტი მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს განიხილავს.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში ორი წლით სპეციალური მმართველი დანიშნოს, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ექნება.

10 ივლისს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე სექტორის წარმომადგენელმა ბიზნესმენებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს და მას "სიგიჟე" და "კრეტინიზმი" უწოდეს. კრიტიკოსებს შორის იყვნენ მაგთის უმსხვილესი აქციონერი, გია ჯოხთაბერიძე, სილქნეტის მფლობელი, გიორგი რამიშვილი და ტელეკომპანია იმედის 100%-იანი წილის მფლობელი, ირაკლი რუხაძე.

მეორე საკომიტეტო განხილვა 13 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა, გადაიდო. გადაიდო 14 ივლისს 11 საათზე ჩანიშნული განხილვაც და ის 16 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე არ დაწყებულა. 

ინიციატივის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები