თბილისის სააპელაციო სასამართლო

გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებული გათავისუფლდა

EMC

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა/შენახვისთვის 5 წლით მსჯავრდებულს სასჯელი გააუქმა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" იურისტების შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

მსჯავრდებული 2016 წლიდან სასჯელს იხდიდა ნარკოტიკული დანაშაულისთვის, კერძოდ მეტამფეტამინის – წონით 0,000036 გრამი და ამფეტამინის – წონით 0,000033 გრამი – შეძენისა და შენახვისთვის. სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარისა და ექსპერტის პოზიცია, რომ ნარკოტიკული საშუალებების ეს ოდენობები არ მიეკუთვნებოდა მოხმარებისთვის ვარგის დოზებს, ხოლო პატიმრობის გამოყენება წარმოადგენდა ღირსების შემლახავ სასჯელს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენებად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის შინაარსი, რომელიც პატიმრობის გამოყენებას ითვალისწინებდა მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენისა და შენახვისთვის.

GDI აცხადებს, რომ მზად არის განაჩენის გადასინჯვაში დაეხმაროს ყველა იმ პირს, ვინც მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვისთვის იხდის სასჯელს.

კომენტარები