თბილისის სააპელაციო სასამართლო

თელასის მენეჯერის მკვლელობაში მსჯავრდებულები სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თელასის ფინანსური მენეჯერის მკვლელობაში მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. გიორგი გვიჩიანს და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, რაც 2014 წლის ივლისში, 15-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ. ამის შემდეგ, 2016 წლის ბოლოს, პროკურატურამ სხვა რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან ერთად, გვიჩიანის და ჩემიას საქმის გადასინჯვის გადაწყვეტილებაც მიიღო. უწყების მტკიცებით, საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით, გამოირიცხა მსჯავრდებულების მკვლელობაში მონაწილეობის ფაქტი.

ცნობისთვის, თელასის მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს, ბახტრიონზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მისი მკვლელობის შემკვეთად თელასის ექსპერტი გია გვიჩიანი ცნეს და 2006 წელს დააკავეს. უვადო პატიმრობამისჯილი გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ ცნობდა და თავის დაკავებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზანს უკავშირებდა. დანაშაული არ აღიარა მკვლელობის შემსრულებლის ბრალით გასამართლებულმა ნიკა ჩემიამაც და გიორგი გვიჩიანის მსგავსად მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქმეზე ასევე დააკავეს ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთს და მკვლელობის შემსრულებლებს შორის. სწორედ მისი აღიარებითი ჩვენება გახდა ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება გიორგი გვიჩიანის და ნიკას ჩემიას დაპატიმრების და შემდგომ მისი გასამართლების. მამხილებელი ჩვენების სანაცვლოდ, ნოდარ გვიჩიანს, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე სხვა დანაშაულები, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სრულიად გათავისუფლდა სასჯელისაგან. 

კომენტარები