სომხეთი-აზერბაიჯანი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებულ დაპირისპირებაში დაიღუპა 4 და დაშავდა 7 სამხედრო

mod.gov.az

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვირას დაიწყო და ორშაბათ დილამდე გაგრძელდა. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა ხუთი აზერბაიჯანელი სამხედრო. სომხეთის საგარეო სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაიჭრა ორი სომეხი სამხედრო.

ორივე მხარემ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზღვართან აზერბაიჯანის ქმედებას პროვოკაცია უწოდა. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, მათთვის უცნობი მიზეზებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის გადაკვეთა სცადეს, სომხეთის მხრიდან გამაფრთხილებელი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანელი სამხედროები დაუბრუნდნენ თავიანთ პოსტს, თუმცა, დაახლოებით ერთ საათში სომხეთის ბლოკპოსტის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი სომხურმა მხარემ დაიწყო, გახსნა საარტილერიო ცეცხლი და აზერბაიჯანის სტრატეგიული პოსტის ხელში ჩაგდება სცადა.

კომენტარები