აშშ-ჩინეთი

ჩინეთი აშშ-ს საპასუხო სანქციებს უწესებს

Reuters

ორშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ხუა ჩუნინგმა განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-ს საპასუხო სანქციებს უწესებს. სანქციები შეეხება აშშ-ს რესპუბლიკელ სენატორებს: ტედ კრუზსა და მარკო რუბიოს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრ კრის სმიტს, ასევე, სემ ბრაუნბეკს და კონგრესის აღმასრულებელ კომისიას ჩინეთის საკითხებში. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შეზღუდვებს მოიცავს სანქციები.

ჩინეთის მოქმედება პასუხია აშშ-ს სანქციებზე. 9 ივლისს აშშ-მ ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს სინძიანგში ეთნიკური უმცირესობის, უიღურების უფლებების სერიოზული დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები დაუწესდა კომუნისტური პარტიის ცენტრალური პოლიტბიუროს წევრს და სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს, პარტიის ყოფილ ვიცემდივანს და ამჟამად რეგიონული საკანონმდებლო ორგანოს ვიცემდივანს ჭუ ხაილუნს, სინძიანგის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს დირექტორსა და კომუნისტური პარტიის მდივანს, ვანგ მინშანს და ბიუროს პარტიის ყოფილ მდივანს, ჰუო ლიუძუნს.

სანქციების გამო აშშ-ში გაიყინა ჩინელი პოლიტიკოსების ანგარიშები, მათ აეკრძალათ აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო აშშ-ს მოქალაქეებს მათთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება.

პეკინი აშშ-ს დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიენმა აშშ-ს ნაბიჯს ჩინეთის შიდა საქმეებში სერიოზული ჩარევა უწოდა, ქმედება საერთაშორისო ნორმების დარღვევად და ჩინურ-ამერიკული ურთიერთობისთვის ზიანის მიყენებად შეაფასა. ჭაო ლიძიენი საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა.

კომენტარები