კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

კახა ბექაური გია ჯოხთაბერიძის განცხადებას სიყალბეს და ტყუილს უწოდებს

კახა ბექაური

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური მაგთიკომის დამფუძნებლის, გია ჯოხთაბერიძის კრიტიკას ტყუილსა და სიყალბეს უწოდებს.

10 ივლისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ბექაურმა მაუწყებლისა და ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონში ცვლილებები წარადგინა, ჯოხთაბერიძემ თქვა, რომ ბექაურის ქმედებების გამო ქართული ბაზარი "ორმა უმსხვილესმა ტრანსატლანტიკურმა კომპანიამ დატოვა".

ბექაურის თქმით:

"გია ჯოხთაბერიძის ტყუილი კომპეტენტურობაზე პრეტენზიის მქონე მედიამ სათაურში გაიტანა და გადამოწმების გარეშე ყალბი ამბის ტირაჟირებას ახდენს. სიმართლე კი ასეთია:

ორი ე. წ. "ტრანსატლანტიკური“ კომპანია (ალბათ ტრანსნაციონალურს გულისხმობს), რომელზეც ჯოხთაბერიძე ლაპარაკობს, ერთი თელიასონერაა, მეორე კი – ვიონი, ანუ ბილაინი. ამ უკანასკნელს, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა, ბატონი გია აქამდე რუსულს ეძახდა. რაც შეეხება თელიასონერას, ევრაზიის რეგიონიდან გასვლა კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა. გასვლის მიზეზი კი ერთ-ერთ შუააზიურ ქვეყანაში კორუფციული სკანდალი იყო. თელიასონერას საქართველოდან გასვლა არ უნდოდა. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველო მათთვის მაინც მიმზიდველი იყო, რადგან, მათი აზრით, საქართველოს სატელეკომუნიკაციო გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. თელიასონერა მთელი რეგიონიდან გავიდა, რეგიონული ოფისი და სტრუქტურა გააუქმა, შესაბამისად, საქართველოდანაც მოუწია გასვლა. კვალიფიციურ ბიზნესმედიას ამის გადამოწმება არ უნდა უჭირდეს.

P.S. ხუთსაათნახევრიან საკომიტეტო მოსმენაზე ბევრმა მსგავსმა სიყალბემ გაიჟღერა. დღეს მხოლოდ ამით შემოვიფარგლები". – თქვა ბექაურმა.

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 10 ივლისის სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტის გამო ბექაურისა და მთავრობის მიმართ შენიშვნები, ჯოხთაბერიძის გარდა, სხვა ბიზნესმენებმაც გამოთქვეს. ასევე, ინიციატივა გააკრიტიკეს მედიების ხელმძღვანელებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ინიციატივა თავდაპირველად ითვალისწინებდა ცვლილებებს როგორც მაუწყებლის, ისე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში, თუმცა, მედიის შეშფოთების შემდეგ მთავრობამ მაუწყებლის კანონის ნაწილი უკან გაიწვია. პარლამენტი მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტს განიხილავს.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას მიენიჭება უფლება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში ორი წლით სპეციალური მმართველი დანიშნოს, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებამოსილება ექნება.

ინიციატივის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები