სამხრეთ კორეა

სეულის დაკარგული მერის ცხედარი პოლიციამ იპოვა

სეულის 64 წლის მერი, პარკ ვუნ-სუნი, რომელიც დღეს გაუჩინარდა პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. მისი ცხედარი 7-საათიანი ძებნის შემდეგ სეულის ჩრდილოეთ ნაწილში, ტრადიციულ რესტორანთან და საბანკეტო დარბაზთან ნახეს

CNN წერს, რომ ინფორმაციას სეულის პოლიცია ადასტურებს. 

9 ივლისს პოლიციას მერის დაკარგვის შესახებ მისმა ქალიშვილმა ამცნო.

სეულის მეტროპოლიტენის პოლიცია მას ეძებდა სეულის ჩრდილოეთ ნაწილში, სუნგბუკ-დონგის არეალში, სადაც ბოლოს დაფიქსირდა მისი მობილურის სიგნალი. 

მერის ქალიშვილმა პოლიციას მისი დაკარგვის შესახებ სეულის დროით შუადღის 5:17 საათზე უთხრა (თბილისის დროით 12:17 სთ). მისივე თქმით, პარკის მობილური მას შემდეგ გამორთულია.

ადგილობრივი ახალი ამბების სხვადასხვა სააგენტოების ცნობით, პარკმა საცხოვრებელი დილით, 10:40 საათზე დატოვა. მას შავი ქუდი ეხურა და შავ ზურგჩანთას ატარებდა. 

სეულის მეტროპოლიტენის ხელისუფლების ოფიციალური პირის, კიმ ჯი-ჰიეონგის, თქმით, პარკი 9 ივლისს სამსახურში არ მივიდა და ყველა დანიშნული შეხვედრა გააუქმა, მათ შორის, სეულის მერიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილიც.

64 წლის პარკი დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი, ადამიანის უფლებათა ადვოკატი იყო, ის სეულის მერად 2011 წელს აირჩიეს. სეულის მერის თანამდებობაზე გასული წლის ივნისში ის მესამე ვადით აირჩიეს. ელოდებოდნენ, რომ პრეზიდენტ მუნ ჯეიინის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი პარკი, 2022 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს.

დღეს ადგილობრივმა მედია SBS-მა, რომელიც არცერთ წყაროს არ ეყრდნობოდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარკის ერთ-ერთმა მდივანმა 8 ივლისს, საღამოს, პოლიციაში შეიტანა საჩივარი, სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროების, არასასურველი ფიზიკური კონტაქტის შესახებ, რაც 2017 წელს დაიწყო.

კომენტარები