თორნიკე შენგელია

კალათბურთის ფედერაცია თვლის, რომ ეროვნული ნაკრები ცსკა-ს მოთამაშის ლიდერობით გაიმარჯვებს

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა. ფედერაციაში თვლიან, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ცესკა-ს მოთამაშის ლიდერობით გაიმარჯვებს.

ამის შესახებ ფედერაციამ საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა;

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!!!" – წერია ფედერაციის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

დღეს, 9 ივლისს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. შენგელიამ რუსეთის არმიის საკალათბურთო კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

რუსულმა კლუბმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. "გელოდებით მოსკოვში". – წერია მოსკოვის ცსკა-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

თავად თორნიკე შენგელია მიიჩნევს, რომ მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, რადგან რუსეთში კალათბურთის სათამაშოდ მიდის.

კალათბურთელის მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ზურაბიშვილის თქმით, შენგელიას გადაწყვეტილება "სამწუხაროა და მიუღებელი".

კომენტარები