თორნიკე შენგელია

ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიას ნაკრებში გავუშვებთ, თუ კლუბის ევროლიგის მატჩს არ დაემთხვევა

რუსეთის არმიის საკალათბურთო კლუბის, ცსკა-ს პრეზიდენტი, ანდრეი ვატუტინი ამბობს, რომ კლუბი მზად არის, თორნიკე შენგელია ნაკრებში სათამაშოდ საქართველოში გამოუშვას, თუმცა ერთი პირობით - ცსკა-ს ევროლიგაში თამაშს არ უნდა დაემთხვეს.

მაშინ, როცა შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმა, პირველ არხს უთხრა, რომ მისი სპორტული ამბიციაა, წარმატებული იყო, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

" მიმაჩნია, რომ ამ ნაბიჯით ორივე ამბიციას გავუსვი ხაზი – იქიდან გამომდინარე, რომ ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშებ და იქიდან გამომდინარეც, რომ ნებისმიერ დროს შევძლებ ნაკრებში ჩამოსვლა". - თქვა შენგელიამ 10 ივლისს.

ცსკა-ს პრეზიდენტის განცხადებამ შენგელიას ეს სურვილი თუ ამბიცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ანდრეი ვატუტინი რუსულ პრესასთან აცხადებს:

"ჩვენ მზად ვართ, შენგელია "ფანჯრების" დროს ნაკრებში სათამაშოდ გავუშვათ, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ უნდა დაემთხვეს ცსკა-ს მატჩებს ევროლიგაში. თავად მოთამაშის საქმეა, როგორ მოიქცევა. მომდევნო სეზონში ეროვნულ გუნდში მისი თამაში სპორტული თვალსაზრისით არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან საქართველო, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელ ქვეყანას, აქვს ფინალური ტურნირის საგზური და მსოფლიო რეიტინგისთვის იბრძვის და ახალ მოთამაშეებს გამოცდის. უფრო მნიშვნელოვნი იქნება 2021-2022 წლის სეზონი, როცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი მატჩები დაიწყება.

ზოგადად, უნდა აღვნიშნოთ, რომ კონტრაქტის ხელმოწერის დროს არც ერთი მოთამაშე წინა პლანზე ნაკრებს არ აყენებს და არ მიუთითებს, რომ ეს მათთვის მეტად მნიშვნელოვანი პირობაა.

შენგელიას შემთხვევაში მსგავს ფაქტს პირველად წავაწყდით. ეს თორნიკეს პატრიოტიზმის კიდევ ერთი დადასტურებაა. ზოგადად, კლუბები კალათბურთელებს სერიოზულ პრობლემებს არ უქმნიან. როგორც იცით, ნაკრებში სეზონის დროს გაგვიშვია ბოლომბო, ანტონოვი, ვოლონცევიჩი, კულაგინი, ფრიდზონი. როცა მოთამაშის ან ეროვნული საკალათბურთო ფედერაციებიდან არის შესაბამის თხოვნა, ყოველთვის არის მოლაპარაკების შესაძლებლობა. აქ უნდა გვესმოდეს მეორე: კალათბურთელისთვის ასეთი რამ ფიზიკურად ძალიან რთულია. ზოგჯერ კლუბის და ნაკრების თამაშებს შორის მხოლოდ ერთი დღეა. და ამ დროში მან ქვეყნიდან ქვეყანაში წასვლა უნდა მოასწროს, დაისვენოს და მოემზადოს. ასეთ რამეზე ყველა არ თანხმდება. თუმცა, ასევე არ ვფიქრობ, რომ თორნიკე შენგელიას შემთხვევა შეიძლება სერიოზული პრეცედენტი გახდეს, რომელიც სისტემას დაანგრევს".

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რუსეთის არმიის საკალათბურთო კლუბ ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი ივლისის დასაწყისში  გააფორმა. მის ამ გადაწყვეტლებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, შენგელია დარწმუნებულია, რომ ცსკა მის პატრიოტიზმს პატივს სცემს და, ამასთან, მოგების მეტი შანსი ექნება, რაც საქართველოს დროშის უფრო მეტჯერ აფრიალებას ნიშნავს.

კომენტარები