პარტიების შემოწირულობა

TI: პარტიების კერძო შემოწირულობების 84% "ოცნებაზე" მოდის

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა 2019 წელს ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ.

კვლევიდან ირკვევა, რომ მმართველი პარტია ოპონენტებს დიდი სხვაობით უსწრებს, როგორც შემოსავლის, ისევე ხარჯების ოდენობით.

გამჭვირვალობის თანახმად, 2019 წელს ცხრამეტი პოლიტიკური პარტიის შემოსავლმა ჯამურად 20.7 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 9.5 მხოლოდ ქართულ ოცნებაზე მოდიოდა.

შემოსავლით მეორე ადგილზეა პატრიოტთა ალიანსი 1.68 მილიონი ლარით, მესამეზე კი ევროპული საქართველო 1.64 მილიონით.

საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, პარტიების შემოსავლების 59%, ანუ 12.3 მილიონი ლარი სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, ხოლო 41% (დაახლოებით 8.44 მილიონი) კერძო დაფინანსებაზე.

პარტიებისთვის გაღებული შემოწირულობების 84% მმართველ პარტიაზე მოდიოდა - 7.04 მილიონი ლარი 8.36-დან. ოცნებამ 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფმა ლელომ და ხუთჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა თვრამეტმა პარტიამ.

კვლევის თანახმად, რამდენიმე მსხვილი ჯგუფი ბოლო არჩევნებისას სახელისუფლებო პარტიას ურიცხავს მსხვილ თანხას, ამასთან, მათი უმეტესობა ფულს 1-2 დღიან შუალედში წირავს. გამჭვირვალობას მიაჩნია, რომ მსგავსი პრაქტიკა აჩენს ეჭვებს, ხომ არ არის ეს ქმედება წინასწარ ორგანიზებული და ხდება თუ არა შეწირვა სხვა პირების საშუალებით.

გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამებზე 2.35 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს, საიდანაც 74% ქართულ ოცნებაზე მოდიოდა.

კომენტარები