კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

მედია კოალიცია: კანონი დროებითი მმართველის დანიშვნაზე მედიაგარემოს უდიდეს ზიანს მიაყენებს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებს. ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციებში დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებას მისცემს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს, მისი მიღება კი მედიაგარემოს უდიდეს ზიანს მიაყენებს.

მოწოდებით, მთავრობამ გაიწვიოს ინიციატივა, ხოლო პარლამენტმა არ დაუშვას კანონპროექტის დამტკიცება, კოალიცია ტელე- და რადიომაუწყებლებთან ერთად, ხვალ, 10 ივლისს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება და პრესკონფერენციასაც გამართავს.

ცვლილებები, რომელიც პარლამენტშია დარეგისტრირებული და რომლის განხილვაც პარლამენტმა ხვალ, 10 ივლისს უნდა დაიწყოს, უფლებამოსილებას მიანიჭებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, დანიშნოს დროებითი მმართველი კომისიის მიერ ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციებში.

კანონპროექტის მიხედვით, "თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას".

სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.

სპეციალურ მმართველს უფლება ექნება:

ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთი არსებობის შემთხვევაში);

ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

გ) ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;

დ) ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა);

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის ინიცირების მიზეზია შემდეგი პრობლემის გადაჭრა:

"მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აღჭურავს საკმარისი უფლებამოსილებებით, რომ ეფექტიანად აღმოფხვრას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ ჩადენილი დარღვევები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ პირებს დააკისროს გაფრთხილება, ჯარიმები და თუ ეს მექანიზმები არ იქნა საკმარისი - შეუჩეროს ავტორიზაცია/გაუუქმოს ლიცენზია. ცალკეულ შემთხვევებში გაფრთხილება და ჯარიმა არაეფექტურია, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირები თუ არ შეასრულებენ კომისიის გადაწყვეტილებას, ერთადერთი მექანიზმი შეიძლება იყოს ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება შეიცავს მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანების საფრთხეს და კომისიას აღარ რჩება მისი გადაწყვეტილების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი, რაც, საბოლოო ჯამში, აზარალებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს".

კომენტარები