ტურიზმი

თურნავა: თბილისიდან მიუნხენში ფრენა კვირაში ორჯერ შესრულდება, რიგაში კვირაში ერთხელ გვინდა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ავიაკომპანია Lufthansa თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისს მაქსიმუმ 2 აგვისტოდან, კვირაში ორჯერ შეასრულებს. ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ მიუნხენის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენა შესაძლოა, უფრო ადრეც აღდგეს.

რაც შეეხება საფრანგეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ნათია თურნავას თქმით, თბილისიდან პარიზში Air France, ხოლო რიგაში – Air Baltic იფრენს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების თემაა, კვირაში რამდენჯერ შესრულდება ფრენები.

"Air France-სთანაც მოსალოდნელია, რომ აგვისტოში მოხდეს შეთანხმება რეგულარულ მიმოსვლაზე შარლ დე გოლის აეროპორტთან, უბრალოდ, რა სიხშირით იფრენს, მოლაპარაკების საგანია. რაც შეეხება ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს, Air baltic-ია წარმოდგენილი და რიგა-თბილისის რეისი ასევე აგვისტოში შესრულდება. ჯერ ისევ ვსაუბრობთ სიხშირეზე, ჩვენი პოზიციაა, რომ კვირაში ერთხელ იყოს. კომპანია ამას განიხილავს და მოგვიბრუნდება პასუხით". – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

კითხვაზე, დაბალი კონკურენციის პირობებში, ხომ არ გაძვირდება ბილეთის ფასი, ნათია თურნავა პასუხობს, რომ ეს ავიაკომპანიების გადასაწყვეტია.

"მე რასაც ვუყურებ, ზოგადად, გლოაბლურად მოთხოვნა საკმაოდ შეზღუდულია და არ მგონია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ კომპანიებმა, მაგრამ ეს მათი პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს... მთავარია, ჯერ აღვადგინოთ ფრენები, კომპანიისთვისაც ეს უნდა იყოს მიმზიდველი, მე მაინც არ ველოდები ტარიფის გაზრდას. კონკურენციას რაც შეეხება, პარალელურად რჩება აირზენას კომერციული ჩარტერები –ამსტერდამში, ვენასა და თელ-ავივში. დროდადრო კიდევ სხვა საჭიროების შემთხვევაში ჩარტერები ინიშნება". – ამბობს თურნავა. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნისთვის – გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ლიტვასთვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის. ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ. 

საზღვრები იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. მათ ასევე 8 ივლისიდან შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა, იქიდან დაბრუნებულებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დასჭირდებათ. კარანტინის გავლა მათ ევროკავშირის ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგაც მოუწევთ. 

კომენტარები