ტურიზმი

საქართველოს საზღვარი ნიდერლანდების სამეფომაც გაუხსნა

საქართველოს საზღვრები ნიდერლანდების სამეფომაც გაუხსნა. საქართველოს საელჩოს ცნობით, ნიდერლანდებში შემსვლელმა ნებისმიერმა მგზავრმა საზღვარზე უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია, რომლის ფორმის ჩამოტვირთვაც უკვე შესაძლებელია.

აკრძალვის გაუქმება ეხებათ:

  • საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი საქართველოა და რომლებიც ნიდერლანდებში მოემგზავრებიან საქართველოდან. ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას მათ არ მოეთხოვებათ რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა (ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ა.შ.);
  • საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი ჩამოთვლილ ქვეყანათაგან ერთ-ერთია და რომლებიც ნიდერლანდებში ამ ქვეყნებიდან მოემგზავრებიან: ავსტრალია, ალჟირი, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, რუანდა, სამხრეთ კორეა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა, მათ უნდა წარადგინონ ბინადრობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.

"ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ნიდერლანდებში შემოსვლა კვლავ შეზღუდული რჩება. მგზავრები ვალდებულნი არიან, აეროპორტში ატარონ პირბადე". – აცხადებს საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში.

საქართველოს საზღვარი საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ლატვიამ და ესტონეთმაც გაუხსნეს. ამ ქვეყნებმა ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია გაითვალიწინეს, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა.

ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცნენ ჩეხეთი, უნგრეთი, ბელგია.

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.

იტალიამ საზღვარი გახსნა არაწევრი ქვეყნებისთვის, თუმცა 14-დღიან თვითიზოლაციას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე შეთანხმდნენ, პირველი ივლისიდან საზღვრები გაეხსნათ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესულთათვის, იტალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გეგმას არ შეუერთდება და ევროკავშირის გარეთ მდებარე ქვეყნებისათვის სავალდებულო კარანტინს ძალაში დატოვებს, მაშინაც კი, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეები იტალიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის გავლით ჩავლენ.

კომენტარები