გიორგი რურუას საქმე

გახარია რურუაზე: ყველა დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს

საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარია ამბობს, რომ გიორგი რურუას საქმეს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს - ეს საგამოძიებო პროცესია, გადაწყვეტილება კი სასამართლომ უნდა მიიღოს.

"ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. აი, ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რო გამოიტანს, ეს ხომ პროცესია. მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე". - ამბობს პრემიერმინისტრი.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. მიუხედავად ამისა, 29 ივნისს, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრის დღეს სასამართლომ მისი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა მისი ადვოკატის შუამდგომლობა და პროკურატურის საწინააღმდეგო პოზიცია გაითვალისწინა.

ამის გამო ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს - ისინი მმართველი გუნდის მხრიდან საარჩევნო შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვდნენ.

დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მიმართეს პროკურატურას მოწოდებით, მოეთხოვა პატიმრობის გირაოთი შეცვლა, მაგრამ უშედეგოდ.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ. თუმცა, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები