ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი: კორონავირუსთან გამკლავებაში ბრწყინვალე წარმატებას მივაღწიეთ

კიმ ჩენ ინი
GETTY IMAGES

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის მიხედვით ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ კორონავირუსთან გამკლავებაში მისმა ქვეყანამ "ბრწყინვალე წარმატებას" მიაღწია.

პოლიტბიუროს სხდომაზე მან განაცხადა, რომ ეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის შორსმჭვრეტელობის დამსახურებაა და პანდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომების ნაჩქარევად მოხსნა წარმოუდგენელ და შეუქცევად კრიზისს გამოიწვევს.

ექვსი თვის წინ ჩრდილოეთ კორეამ საზღვრები ჩაკეტა, ათასობით ადამიანი იზოლაციაში მოაქცია და სკოლები დაკეტა. ქვეყანაში ირწმუნებიან, რომ კორონავირუსის შემთხვევები არა აქვთ, თუმცა ეს ინფორმაცია საეჭვოა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში სკოლები გახსნილია, თუმცა საჯარო თავყრილობები კვლავ იკრძალება. საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულოა. მათივე ინფორმაციით კორონავირუსზე ტესტი სულ 922 ადამიანს ჩაუტარდა და ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ გავრცელდა ცნობები. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ჯანმრთელი იყო და გაჩნდა ვარაუდი, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საჯარო ღონისძიებებს კორონავირუსის გადადების საფრთხის გამო არ ესწრებოდა. მიუხედავად ჩრდილოეთ კორეის მხრიდან უარყოფისა, სამხრეთ კორეული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქვეყანაში, მათ შორის სამხედრო ძალებში ვირუსით დაავადების ათასობით შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები