ტურიზმი

EU-ს ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა საზღვრების კარანტინის გარეშე გახსნას გეგმავს

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრი იმ რამდენიმე ქვეყანას ასახელებს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს კარანტინის გარეშე შეეძლებათ წასვლა. Post Tv-ის ეთერში ნათია თურნავა ამბობს, რომ მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. ის არ ასახელებს ზუსტ დროს, როდის აღდგება ამ ქვეყნებთან ავიამიმოსვლა, თუმცა, აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცალკეულ ქვეყნებთან აქვს მოლაპარაკებები.

"რამდენიმეს ჩამოგითვლით, არ მინდა გამომრჩეს, მაგრამ ვინც დანამდვილებით ვიცი - ლატვიამ ოფიციალურად თქვა, რომ გვიშვებს. ლიეტუვა და ესტონეთი ახლოს არიან ამ გადაწყვეტილებასთან, პოლონეთთან არის ეს სიტუაცია. დიდი ალბათობით ამას ოფიციალურადაც განაცხადებს, თუ უკვე არ განუცხადებია. საფრანგეთი" - ამბობს თურნავა და განმარტავს, რომ ამ ქვეყნებში წასულ საქართველოს მოქალაქეებს და პირიქით, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს კარანტინის გავლა არ მოეთხოვებათ.

"სხვადასხვა ქვეყანას აქვს უფლება, რომ დამატებითი ფილტრი დააწესოს, ნიდერლანდები თვითიზოლაციას ითხოვს, ჩვენც ასევე გვაქვს უფლება, რომ ნიდერლანდებიდან ჩამოსულებს თვითიზოლაცია მოვთხოვოთ. ისინი ითხოვენ ამ პრინციპს" - ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, თუ რომელიმე ქვეყანა მოითხოვს დამატებით ტესტირებას ან თვითიზოლაციას, საქართველოსაც იმავეს გაკეთება შეუძლია, თუმცა, არა პირიქით

"ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დავუმძიმოთ, თუ ისინი არ ითხოვენ" - თქვა თურნავამ.

ამასთან ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ "ამ დღეებში" გაირკვევა ევროკავშირის ქვეყნებთან, ვისთან და რა პირობით იხსნება საზღვრება.

"ამის შემდეგ შემოვლენ სხვა კომპანიებიც - Lufthansa, იმედი გვაქვს, რომ Airfrance შემოვა, მათთან ვსაუბრობთ, wizzair-იც, ფრენების გარკვეული რაოდენობით, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები. ვნახოთ, Ryanair-თან როგორ მოვილაპარაკებთ, რადგან ამ მიმართულებებთან არ გვაქვს სრული სინათლე. ეს იქნება ისევ კონკურენცია, არა იმ დონის, რაც შარშან გვქონდა, მაგრამ მიახლოებული. ეს თავისთავად დაარეგულირებს ფასებს" - თქვა თურნავამ.

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა. ამის მიუხედავად, მთავრობამ რეგულარული ფრენების აკრძალვა კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივა. შესაბამისად, ღია საზღვრებით სარგებლობა ჯერჯერობით შეუძლებელია, როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

ოფიციალურად რეგულარული ფრენები პირველი აგვისტოდან უნდა აღდგეს, თუმცა, ფინანსთა მინისტრმა 2 ივლისს თქვა, რომ "საზღვრების გახსნას სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, რომ ქვეყნები და მიმოსვლის წესი სწორად შეირჩეს". მისი აზრით, "შემდეგი 1-2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა".

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, უსაფრთხო ქვეყნების რეკომენდებული სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცნენ ჩეხეთი, ავსტრია და უნგრეთი. რაც შეეხება იტალიას, იქ შესულ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს სავალდებულო თვითიზოლაცია მოუწევთ.

კომენტარები