ფრენების აღდგენა

ზალკალიანი EU-ს სიაზე: პანდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლების საქმიანობის აღიარებაა

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ქვეყნების სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს უხსნის, საქართველოს მოხვედრა ხელისუფლების "ეფექტიანი საქმიანობის" აღიარებაა.

ზალკალიანის თქმით, ის ფაქტი, რომ დასახელებულ ქვეყნებს შორის საქართველო რეგიონში ერთადერთია, იმაზე მიანიშნებს, რომ მმართველი გუნდი პანდემიას წარმატებით უმკლავდება.

"მინდა გამოვხატო პოზიცია იმ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც მიიღო ევროკავშირმა, უსაფრთხო ქვეყნების სიის დაწესებასთან დაკავშირებით. ეს არის, პირველ რიგში, აღიარება იმ ეფექტიანი საქმიანობის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ვფიქრობ, ეს კარგადაა აღქმული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან". - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის, მას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, დასახელებული 15 ქვეყნიდან ვის გაუხსნან საზღვრები.

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის - საქართველოს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა პირველ აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკაონ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პირველი ივლისიდან ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა საზღვარს არ გაუხსნის. მათ შორისაა ჩეხეთი და ავსტრია.

კომენტარები