ფრენების აღდგენა

კანდელაკი მთავრობას: გაივლის თუ არა ზალკალიანი კარანტინს ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ?

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მიმართავს კითხვით, გაივლის თუ არა ორკვირიან სავალდებულო კარანტინს დავით ზალკალიანი მას შემდეგ, რაც ბელგიიდან საქართველოში დაბრუნდება.

კანდელაკი ხაზს უსვამს, რომ ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ "მწვანე ქვეყნების" სიაში არ შეუყვანია, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც "მწვანე ქვეყნებიდან" ჩამოდიან, ორკვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.

"თუ არ გაივლის ბატონი ზალკალიანი კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რატომ. რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან შედარებით, მით უმეტეს, რომ ის იმყოფებოდა გაუმწვანებელ ქვეყანაში". - თქვა კანდელაკმა.

დეპუტატი ირწმუნება, რომ ხელისუფლება არა ეპიდემიოლოგიური, არამედ პოლიტიკური მიზნებით ხელმძღვანელობს და ამას ის არგუმენტები ამყარებს, რომ, ფაქტობრივად, ფრენები აღდგენილი არ არის, კომპანია Wizz Air-ს არჩევნებამდე (31 ოქტომბრამდე) უარს ეუბნება ფრენების დაწყებაზე, ამასთან, Air Baltic-ს, მათთვის სასურველი კვირაში სამის ნაცვლად მხოლოდ ერთი ფრენის ნებართვას აძლევს.

"გუშინ განცხადება მეც გავაკეთე და გიდებსაც ჰქონდათ საპროტესტო აქცია, გაკეთდა განცხადება მთავრობის მავნებლობებზე. ეს განცხადებები, ზრდილობის გამოც კი, არავის უარუყვია. ჩვენ შეგვიძლია, შევაჯამოთ ეს ყველაფერი, მივიღოთ მთავრობის დუმილი დასტურად, რომ ეს ყველაფერი არის სიმართლე და ჩვენ ხელში შეგვრჩება ფორმალური გახსნის ფონზე ძალიან ცოტა, ძალიან ძვირი ფრენები და საქართველო დე ფაქტო დარჩება ჩაკეტილი არჩევნებამდე.

ტურიზმის სფეროში შემოსავლები შემცირებულია 97%-ით. ამ გაჯიუტებით და გაჯიქებით მთავრობა ათეულობით ათას ადამიანს ეუბნება, რომ ისინი განწირულები არიან შიმშილისთვის". - თქვა კანდელაკმა.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 8 ივლისიდან, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, უპირობოდ ხსნის საზღვრებს ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის: გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის.

ამ ხუთი ქვეყნიდან შემოსულ ადამიანებს საქართველოში კარანტინის გავლა არ დასჭირდებათ.

საზღვრები იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. როგორც ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, საქართველოს მოქალაქეებს ასევე 8 ივლისიდან შეუძლიათ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა იქიდან დაბრუნებულებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა დასჭირდებათ. კარანტინის გავლა მათ ზემოთ ჩამოთვლილი ევროკავშირის ხუთი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგაც მოუწევთ.

კომენტარები