ფრენების აღდგენა

თურნავა: მოსახლეობისთვის სულ ერთია, რეგულარული ერქმევა ფრენას თუ ჩარტერული

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რეგულარული ფრენების აღდგენაზე ილაპარაკა.

ნათია თურნავამ ფრენების შეზღუდვის პირველ აგვისტომდე გადაწევას "აბსოლუტურად ლოგიკური" გადაწყვეტილება უწოდა.

მისი თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენა იქამდე არ იქნება მიზანშეწონილი,  სანამ "არ გვეცოდინება, რომელ ქვეყანასთან შეიძლება ფრენა".

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო პირველი ივლისიდან დაუშვებდა რეგულარულ ფრენებს, დაიწყებოდა "სტიქიური ბილეთების გაყიდვა" და ადამიანები იყიდდნენ იმ ქვეყნების ბილეთებს, რომლებიც საქართველოს საზღვარს ჯერ არ უხსნიან.

ნათია თურნავას თქმით, "მოსახლეობისთვის არსებითად სულ ერთია, რეგულარული ერქმევა ფრენას თუ ჩარტერული, თუ ბილეთი იქნება ხელმისაწვდომ ფასში".

როგორც ის ამბობს, რეგულარული ფრენების აღდგენამდე შედგება "სოციალური რეისები" და "კომერციული ჩარტერული ფრენები".

მინისტრის განცხადებით, სოციალური რეისები სუბსიდირებული ფრენები იქნება მათთვის, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, საქართველოში დასაბრუნებელი ძვირად ღირებული ბილეთი იყიდოს. კომერციული ჩარტერული ფრენები კი იმათთვისაა, ვისაც სურს, ტურისტულად ეწვიოს სხვა ქვეყნებს, ნათესავები მოინახულოს ან საქმიანი ვიზიტით წავიდეს საზღვარგარეთ. ნათია თურნავას თქმით, ამ რეისებს მხოლოდ აირზენა არ ჩაატარებს და მოლაპარაკებები სხვა ავიაკომპანიებთანაც მიმდინარეობს.

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს. ამ 15 ქვეყნიდან განსხვავებულია ჩინეთის შემთხვევა, რომელთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება საზღვრები, თუკი პეკინიც ანალოგიურად მოიქცევა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა. ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა პირველ აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პირველი ივლისიდან ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა საქართველოს საზღვარს არ გაუხსნის. მათ შორისაა ჩეხეთი და ავსტრია.


 

კომენტარები