8 მარტის შეთანხმება

ოპოზიცია: შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება

ოპოზიციური პარტიები საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადების მიხედვით, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, მთავარი არხის დამფინანსებლის, გიორგი რურუას გათავისუფლება კი "პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია."

განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტების ძალისხმევითა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით იძულებული გახდა, მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის. ოპოზიცია მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს, აქტივისტთა ჯგუფებს, სამოქალაქო მოძრაობებსა და მოლაპარაკებათა ფასილიტატორებს, საქართველოს ყველა მეგობარს, რომლებიც ცვლილებებს მხარს უჭერენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ამისთვის ხელის შესაშლელად, "გავრილოვის ღამის" შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესმა შედეგი გამოიღო. ეს შედეგი საქართველოს მოქალაქეებისთვის გარანტიაა, რათა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება, უკონტროლოდ არ დარჩეს. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი კომიკურ მდგომარეობაში, როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა ოპოზიციაზე გამარჯვებად გამოაცხადა, საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი, თავის სურვილს უწოდებს.

8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება შეწყდეს.

გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია", - წერია განცხადებაში. 

პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა. 

"ის, თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავევებისა, მომავალ პოლიტიკურ პროცესს სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • რესპუბლიკური პარტია
  • ახალი საქართველო
  • ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი
  • ევროპული დემოკრატები
  • ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის
  • ემსახურე საქართველოს
  • ლეიბორისტული პარტია
  • გამარჯვებული საქართველო
  • მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის"
  • თავისუფალი დემოკრატები
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • სამართლიანობისთვის
  • კანონი და სამართალი
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

კომენტარები