დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრები 823 000 ათასი თვითდასაქმებულიდან ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია მხოლოდ 104 547-მა პირმა მიიღო. პროგრამაზე რეგისტრაცია გუშინ, პირველ ივლისს დასრულდა.
პროგრამის თავდაპირველი ბიუჯეტი იყო 75 მილიონი ლარი, საიდანაც ათვისებულია 31 მილიონი ლარი. თანხების არსებობის მიუხედავად, სახელმწიფომ ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციაზე უარი უთხრა 61 079 მოქალაქეს.
პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 250 000 თვითდასაქმებულის კომპენსაციისთვის საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მთავრობის მიერ დადგენილი წესების გამო თანხა მხოლოდ 104 547-მა მოქალაქემ მიიღო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის მისაღებად საჭიროა იურიდიული პირისგან გაცემული ცნობები შემოსავლის შესახებ, რომელთა წარდგენაც თვითდასაქმებულების უმეტესობას უბრალოდ არ შეუძლია.
რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულთა 200-ლარიან ყოველთვიურ კომპენსაციას, დახმარება მიიღო სულ 125 165 მოქალაქემ და ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადარიცხულია 25 მილიონზე მეტი.