ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი კობახიძის თქმით, სხვა პარტიისთვის რეკლამირებაზე შეზღუდვა ანტირეკლამას არ შეეხება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ პარტიას არ შეუძლია თავისი სარეკლამო დროის ფარგლებში სხვა პარტია პოზიტიურად დაარეკლამოს, თუმცა შეუძლია, რომ სხვა პარტიას ანტირეკლამა გაუწიოს.
ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განმარტებისას ისაუბრა.
"იკრძალება ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ სხვა პოლიტიკური პარტიის სასაარგებლოდ რეკლამის განთავსება, რაც არის არასწორი პრაქტიკა. ეს პრაქტიკა არ მოქმედებს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში. შესაბამისად, ამ საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გასწორდება შესაბამისი ნორმა და ერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეეძლება მეორე პოლიტიკური პარტიის რეკლამირება მისთვის განკუთვნილი საეთერო დროის ფარგლებში.
აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, მხოლოდ პოზიტიური რეკლამა. ნეგატიურ რეკლამაზე იყო დისკუსიები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ნეგატიური რეკლამა აღარ იზღუდება. იყო აქ გარკვეული შემოთავაზებები, თუმცა იყო წინააღმდეგობა ამის შესახებ და, შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ პოზიტიურ რეკლამაზე გავრცელდეს სხვა პოლიტიკური პარტიების რეკლამირების შეზღუდვა. ანტირეკლამას ჩვენ არავითარი ფორმით არ ვზღუდავთ". – ამბობს ირაკლი კობახიძე.
კიდევ ერთი ცვლილება უფასო სარეკლამო დროს შეეხება. ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე უფასო საეთერო დროს მოიპოვებენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 1%-იან ბარიერს გადალახავენ.
ხოლო, რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, ამ შემთხვევაში ბლოკის მიერ მოპოვებული დრო თანაბრად გაიყოფა ბლოკში შესულ პარტიებზე.
რეგულაციები შეეხება სამაუწყებლო კომპანიებსაც. კერძოდ, მაუწყებლები ვეღარ შეძლებენ, სარეკლამო დროისთვის თავდაპირველად დადგენილი ტარიფის შეცვლას.
"ტარიფების განსაზღვრის დროს მაუწყებლებს ჰქონდათ მანიპულირების საშუალება. ერთ დღეში შეეძლოთ მათ შეეცვალათ, რადიკალურად გაეზარდათ, ან რადიკალურად შეემცირებინათ ტარიფი, რაც ფავორიტი პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ მათთვის მანიპულაციის საშუალებას იძლეოდა.
ეს მანიპულაციის მექანიზმი რეალურად მთლიანად მოისპობა იმ ახალი რეგულაციით, რომელიც არის ჩვენ მიერ შემუშავებული, კერძოდ, მაუწყებლები ვალდებულები იქნებიან 2-ჯერ განსაზღვრონ პირველი ტურის განმავლობაში ტარიფი და ერთხელ უკვე მეორე ტურისთვის. ეს მოხდება არჩევნებამდე 50 დღით ადრე, იმოქმედებს ერთი ტარიფი და შემდეგ 30 დღით ადრე არჩევნებამდე, შეიძლება, ეს ტარიფი ერთჯერადად შეიცვალოს.
პოლიტიკურ პარტიებს წინასწარ ექნებათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტარიფით შეეძლებათ მათ სატელევიზიო დროის შეძენა". – თქვა ირაკლი კობახიძემ.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, მედიაკამპანიას და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ამასთან, საუბარია გენდერული კვოტებისა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზეც.