უიღურები

პომპეო პეკინის მიერ ჩინეთის მუსლიმთა იძულებით სტერილიზაციის ცნობებზე: შოკისმომგვრელია

მაიკ პომპეო
The Hill

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ჩინეთის ეთნიკური უმცირესობის, მუსლიმი უიღურების იძულებითი სტერილიზაციის, აბორტის შესახებ მიღებულ ცნობებზე თქვა, რომ ეს შოკისმომგვერელი და შემაწუხებელია.

სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მა გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წელია, ჩინეთის მთავრობა სინძიანგის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი "დემოგრაფიულ გენოციდსაც" კი უწოდებს.

მაიკ პომპეოს თქმით, ეს მიგნებები შეესაბამება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ პრაქტიკას – "ადამიანის სიცოცხლისა და საბაზისო, ადამიანის ღირსების  სიწმინდის აბსოლუტურ უგულებელყოფას".

აშშ-მ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აღნიშნული საზარელი პრაქტიკის დაუყოვნებლივი დასრულებისკენ მოუწოდა და ყველა ქვეყანას ამ, ადამიანური სახის დამკარგავი ძალადობის დასრულების მოწოდებაში შემოერთება სთხოვა.

ცნობებს ვაშინგტონში კომუნისტური ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა. საელჩომ ბრალდებებს დეზინფორმაცია და უსაფუძვლო ტყუილი უწოდა.

გერმანელი მკვლევრის, ადრიან ცენცის თქმით, მიგნებები ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა, რომ პეკინის პოლიტიკა სინძიანგში გაეროს კონვენციის გენოციდის კრიტერიუმებს შეესაბამება, კერძოდ, "ზომების მიღება, რითაც სამიზნე ჯგუფში შობადობის თავიდან არიდება არის განზრახული".

AP-ის გამოძიებით, სახელმწიფო უმცირესობის წევრ ქალებს რეგულარულად, ორსულობის დადგენის მიზნით ამოწმებს, აიძულებს, გამოიყენონ საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფცია (სპირალი), უტარებს იძულებით სტერილიზაციას და, ზოგ შემთხვევაში, იძულებით აბორტს. იმის ფონზე, რომ ჩინეთში საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციის გამოყენებისა და სტერილიზაციის პროცედურის რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, სინძიანგის პროვინციაში საპირისპირო სტატისტიკას ვხვდებით.

2014 წელს სინძიანგის პროვინციაში საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციის ანუ სპირალის ჩადგმის 200 000 პროცედურა განცორციელდა. 2018 წლისთვის ეს რიცხვი 330 000-მდე გაიზარდა. 

ჩინეთის ჯანდაცვის სტატისტიკის მიხედვით, სინძიანგის პროვინციაში სტერილიზაციის პროცედურის ჩატარების დიდი ზრდაა დაფიქსირებული. 2016 წლიდან მთავრობამ დიდი რაოდენობით თანხა გამოყო კონტრაცეფციული ოპერაციების დაფინანსებისთვის. 2016-იდან 2018 წლამდე პერიოდში სინძიანგის პროვინციაში სტერილიზაციის პროცედურის ჩატარების რაოდენობამ შვიდჯერ მოიმატა. 2019 წელს ქალაქ ხოთანში, რომლის მოსახლეობის უმეტესობა უიღურები არიან, ქალაქის ბიუჯეტიდან 14 872 სტერილიზაციის პროცედურისთვის იყო თანხა გამოყოფილი. ეს რიცხვი დაოჯახებული ქალების 34%-ს შეადგენს.

2015 წლიდან 2018 წლამდე უიღურებით დასახლებულ ხოთანისა და ქარაქაშის რეგიონებში შობადობის მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა. მაშინ, როცა ქვეყნის მაშტაბით უკანასკნელ წელიწადში შობადობის მაჩვენებელი 4.2% შემცირდა, სინძიანგის პროვინციაში იგივე მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა. 

ჩინეთის წარმომადგენლების განცხადებით, პოპულაციის კონტროლის ეს ღონისძიებები სამართლიანია, ვინაიდან ჩინელებსა და ეთნიკურ უმცირესობებს ერთნაირ პირობებში აყენებს. 

AP-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ქარაქაშის ოლქში, ბანაკებში 484 დაკავებულიდან – 149 ზედმეტად ბევრი შვილის ყოლისთვის იყო დაკავებული, რაც დაკავების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. 

2017 წელს სინძიანგის მთავრობამ გაასამმაგა ჯარიმა ოჯახის დაგეგმვის კანონების დარღვევისთვის. სამთავრობო ანგარიშებით დასტურდება, რომ ამ ჯარიმებით მთავრობა ყოველწლიურად მილიონობით დოლარს იღებს. მართალია, ჯარიმები ჩინელ მოსახლეობაზეც ვრცელდება, მაგრამ კანონის დარღვევისთვის მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გზავნიან ბანაკებში. 

ვრცლად AP-ის გამოძიების მიგნებები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული. ინსტრუქციებში ნათქვამია, რომ ბანაკები უნდა მართონ ისევე, როგორც დაცული ციხეები, მკაცრი დისციპლინითა და დასჯის მეთოდებით, რათა გაქცევა ვერავინ მოახერხოს.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. 

ჩინეთი თავდაპირველად მსგავსი ცენტრების არსებობას უარყოფდა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ეს გადასამზადებელი ცენტრებია. New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კი აჩვენებს, რომ მუსლიმების მასობრივი დაკავების ბრძანებას ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენლები გასცემენ. ის ასევე მოიცავს სი ძინპინის მანამდე გამოუქვეყნებელ გამოსვლებს, რომლებშიც ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, "ტერორისტებისა" და "სეპარატისტების" წინააღმდეგ დაუნდობლად იმოქმედონ.

მისი ეს გამოსვლა 2014 წელს, სინძიანგის ცენტრალურ ქალაქში ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა.

უიღურები ჩინეთის სინძიანგის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ეთნიკურად ისინი ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და, ძირითადად, მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანმანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით, ცენტრებში უნდა ისწავლებოდეს მანდარინი და ხელობის სწავლის გარდა, "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ისინი, ვინც ამ ცენტრებს თავი დააღწია, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფასა და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ისინი ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

კომენტარები