შეზღუდვების მოხსნა

6 ივლისიდან დაიშვება საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები

ეკონომიკის სამინისტრო

სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ორშაბათიდან, ექვსი ივლისიდან შეზღუდვები მოიხსნება გარკვეულ საქმიანობებზე.

მინისტრის თქმით, ესენია "გამოფენები, საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში".

როგორც ნათია თურნავა ამბობს, მთავრობამ მიიჩნია, რომ კონფერენციების აღდგენის შესახებ "მოთხოვნა, რომელიც მოდის სასტუმროებიდან, არის რაციონალური და სამართლიანი".

ნათია თურნავა ამბობს, რომ საქმიანობა აღდგება პროტოკოლის დაცვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს თითქმის შემუშავებული აქვს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, რჩება გარკვეული საქმიანობები, რომლებზეც შეზღუდვა ნარჩუნდება.

"ჯერჯერობით გვესმის ყველას პრობლემა – ეს არის ფიტნესცენტრები, აუზები". –ამბობს თურნავას.

მინისტრის თანახმად, ესენი "შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა", თუმცა მთავრობა შემდეგ ეტაპზე განიხილავს ამ საქმიანობებისთვის შეზღუდვის მოხსნას.

კომენტარები