გიორგი რურუას საქმე

რა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ივანიშვილი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით

მმართველი გუნდის მიერ ერთხმად იმის მტკიცების ფონზე, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ არის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შესწორებების პროექტი მომზადდა. აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის მიერ წარდგენილ პროექტში ნათლად წერია, რომ მთავარი არხის მეწილის გათავისუფლება სწორედაც არის 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. 

გიორგი რურუას მომდევნო სასამართლო პროცესი დანიშნულია 29 ივნისს - პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის მესამე მოსმენამდე ერთი საათით ადრე.

არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლის ხელით ბიძინა ივანიშვილი 29 ივნისს, მაგრამ მოდი ერთი წუთით დავუშვათ, რომ ივანიშვილს ისევ არ ეყოს პოლიტიკური გამჭრიახობა და მთავარი არხის მეწილე ამჯერადაც პატიმრობაში დატოვოს.

რად შეიძლება უღირდეს ბიძინა ივანიშვილს გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება და სინამდვილეში რა ფასს გადაიხდის ის, თუკი საერთაშორისო პარტნიორების "გადაგდებას" მეორედ დაიწერს ანგარიშზე? 

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უცხოელი ფასილიტატორების მონაწილეობით შედგა ისტორიული შეთანხმება. შეთანხმება რომ ორნაწილიანი იყო და მისი მეორე ნაწილი პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა, თითქმის ყველა მონაწილე მხარემ უკვე დაადასტურა - მმართველი გუნდის გამოკლებით.

ამ "არაღიარების პოლიტიკის" ფონზე ივანიშვილს ქართული ოცნების გულმხურვალე ამომრჩევლის თვალში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლით გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. როგორც არ უნდა ეცადონ ქართული ოცნების ლიდერები, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოჩნდეს, მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა სწორედაც რომ ყველაზე უკეთ იციან, რომ მის უკან ივანიშვილი დგას - ხმაც ამიტომ მისცეს. 

საკუთარ მხარდამჭერებში მიღებული ამ ზიანის შემდეგ ოლიგარქი ივანიშვილი, ალბათ, ფიქრობს, რომ გიორგი რურუას ირგვლივ არსებული ჭორ-მართალი ქართველ ხალხში რურუასადმი ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას ვერ გამოიწვევს და მისი პატიმრობაში დატოვება მას არა მხოლოდ ზიანს არ მიაყენებს, არამედ, მეტიც, საკუთარი ამომრჩევლის თვალში რეაბილიტაციაშიც დაეხმარება.

ივანიშვილი ცდება. არა იმიტომ, რომ ეს ლოგიკა ცალკე, უკონტექსტოდ, არასწორია. ის ცდება იმიტომ, რომ დიდი სურათის მხოლოდ ერთ, პატარა ნაწილს უყურებს. სრულ სურათში კი არსებობს გავრილოვის ღამით გამოწვეული დაპირება და 14 ნოემბერს ამ პირობის არ შესრულება.

შესაძლოა, ოლიგარქს ისიც დაავიწყდა, რომ გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენებისა თუ სენატორების, ევროპარლამენტარებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებებისა თუ წერილების ფონზე დასავლური მედია აქტიურად ალაპარაკდა მისთვის სანქციების დაწესებაზე.

შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი ერთმანეთთან ვერ აკავშირებს 14 ნოემბრის პირობის დარღვევასა და რესპუბლიკელი კონგრესმენების ანგარიშს, სადაც ის პუტინის უახლოეს მოკავშირედაა მოხსენიებული და სადაც მას საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობაში ედება ბრალი.

თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი მშვენივრად ახსოვდეს, მაგრამ ფიქრობდეს, რომ ჯობია, სწორება აიღოს იმ ამომრჩეველზე, რომელიც წლების განმავლობაში მისგან მოითხოვს ყოფილი მაღალჩინოსნებისა თუ მათთან დაახლოებული პირების გასამართლებას ნებისმიერი საბაბით.

არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, იღებს ქართველი ხალხი და არა უცხოელი პარტნიორები. მაგრამ ქართველი ხალხის პოლიტიკური დაკვეთა დასავლური კურსია. ამას ადასტურებს NDI-ს ბოლო კვლევაც, რომლის მიხედვითაც ქართველ ამომრჩეველთა უმეტესობის საგარეო ვექტორი არ შეცვლილა. ამ კვლევის მიხედვით, NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 74%, ევროკავშირში გაწევრიანებას კი - 82%.

ცხადია, არ შეიძლება ეს მონაცემები ავტომატურად "გადავთარგმნოთ" ისე, თითქოს ქართველი ხალხი თანმიმდევრულად განასხვავებს პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ანტიდასავლურისგან, მითუმეტეს, როდესაც ეს შეფარვით ხდება, თუმცა, თუკი ივანიშვილს ცალსახად "ანტიდასავლელის" იარლიყი მიეკერება, რის ნიშნებსაც უკვე ვხედავთ, დიდი შანსია, რომ მან პროდასავლური ორიენტაციის მოქალაქეთა ხმები საკუთარ ამომრჩევლებს შორისაც დაკარგოს.

ბიძინა ივანიშვილს, ალბათ, არც ის უნდა დაავიწყდეს, რატომ დატოვა 2019 წლის ნოემბერში მისი გუნდი 13-მა დეპუტატმა, რომელთა დიდ ნაწილსაც ქართული ოცნების 2016 წლის საარჩევნო სიაში მოწინავე ადგილები ეჭირა.

მათ ქართული ოცნების რიგები არ დაუტოვებიათ არც მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ რუსი კომუნისტი დეპუტატის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა დაუშვა; არც მაშინ, როდესაც ამ ფაქტით გამოწვეული საპროტესტო აქცია არათანაზომიერი ძალით დაარბია, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგემ თვალი დაკარგა. ამ დეპუტატებს ქართული ოცნების რიგები არც მაშინ დაუტოვებიათ, როდესაც გავრილოვის ღამეზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი შს მინისტრი, გიორგი გახარია პრემიერმინისტრად დაწინაურდა.

13-მა დეპუტატმა მმართველი გუნდი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დასავლეთის "მოტყუება" ჭკვიანური სვლა იყო.

ამ ყველაფრის გასახსენებლად ბიძინა ივანიშვილს, დღეის ჩათვლით, სამი დღე აქვს. სამი დღე აქვს იმისთვისაც, რომ სურათს ფართოდ შეხედოს და მიხვდეს, რომ მეორედ "გადაგდების" შემთხვევაში ფასი გაცილებით მაღალი იქნება.

კომენტარები