ჰუბერტ კნირში

რურუა, 20 ივნისი, პროკურატურის განცხადება - გერმანიის ელჩის უცნაური თავგადასავალი

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჰუბერტ კნირში თბილისში მოვალეობას ასრულებს 2018 წლის სექტემბრიდან. მანამდე ის ოთხ წელს მოსკოვში, გერმანიის რუსეთის ფედერაციის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, იქამდე კი გერმანულ სამთავრობო სტრუქტურებში - საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცლერის აპარატში მუშაობდა (სამი წლით გერჰარდ შრედერის დროს). 

გასული წლის განმავლობაში ჰუბერტ კნირშის განცხადებებმა მისი რეპუტაცია შეარყია. ამათგან უახლესი მისი განცხადებაა რვა მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, როცა მან თქვა, რომ გიორგი რურუასა და მისი გათავისუფლების ნაწილი “შეთანხმებაში ნახსენები არ არის”.

ელჩის ამ ნათქვამს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურად დაპირისპირებული ბანაკებიდან. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამ განცხადებამ “საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმ ტყუილს და მანიპულაციებს, რომლებსაც ახორციელებდნენ ბოკერიას პარტია და მიხეილ სააკაშვილი”. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი კნირში “თარგმანში დაკარგულს ჰგავს” და უთანაგრძნობს “ამ გაუგებრობის და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია”.

კნირშის ამ განცხადებას წინ უსწრებდა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ნათქვამი იმის შესახებ, რომ "ყველას სურვილია, შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს". დეგნანი მიუთითებდა "პოლიტიკურ გავლენაზე მართლმსაჯულებასა და შერჩევით სამართალში" და ამბობდა, რომ ეს ნაწილიც უნდა შესრულდეს. ჰუბერტ კნირშის განცხადების საღამოსვე კი აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა აშშ-ს თავდაცვის აქტში ცვლილება წარადგინა, რომლის თანახმადაც დოკუმენტში ჩაიწერება, რომ "8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება" და "გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა".

საინტერესოა, რომ ჰუბერტ კნირშის ეს განცხადება ეწინააღმდეგება მისი თანამემამულე ევროპარლამენტარების, მიხაელ გალერისა და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის (ორივე EPP/CDU, მერკელის პარტია) ნათქვამს. გალერის თანახმად, “საქართველოს დასავლელი მეგობრები ელიან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც”, მაკალისტერის თქმით კი “მნიშვნელოვანი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა კვლავ ელოდება გათავისუფლებას”. თავის მხრივ, მიხაელ გალერს გია ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელი” უწოდა.

გერმანელი ევროპარლამენტარების ეს განცხადებები გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც გერმანიის ელჩი საქართველოში რამდენიმე დღით ადრე ამბობდა, რომ “შეთანხმებაში არ არის ნახსენები სახელები და გვარები”. როგორც მან რუსთავი 2-ს უთხრა, “შეთანხმება ის გახლავთ, რაც გამოქვეყნდა”. 26 ივნისს კიდევ თქვა: “რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების დროს, პოლიტიკური დიალოგის დროს, 8 მარტამდე ყველა ეს სახელი იყო ნახსენები”. როგორც ის ამბობს, უგულავას და ოქრუაშვილის ციხიდან გამოშვება იყო “შეწყალება და არა გათავისუფლება”. 

ამ ამბამდე ერთი დღით ადრე ჰუბერტ კნირში არასამთავრობო ორგანიზაციებს კიცხავდა ქსენოფობი ქართველი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად. საქმე ეხებოდა გაეროსადმი  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე არ უნდა აირჩიონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. NGO-ების შეფასებით, ქართული ოცნების დეპუტატის კვალიფიკაცია, რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას. ჰუბერტ კნირშმა კი წუხილი გამოთქვა "იმ ბრალდებების გამო, რომელიც სოფო კილაძის მიმართ არის წაყენებული".

სანამ ქსენოფობ დეპუტატს დაიცავდა, ჰუბერტ კნირში გამოეხმაურა გერმანიის პროკურატურის გახმაურებულ ფრაზას, როცა უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას პრორუსული უწოდა. ელჩის თქმით, სიტყვები "საქართველოს პრორუსული მთავრობა", რომელიც განცხადებაში იყო გამოყენებული, ეკუთვნოდა ზელიმხან ხანგოშვილს და არა პროკურატურას. გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით აცხადებდა ჰუბერტ კნირში, რომ სიტყვები ხანგოშვილს ეკუთვნოდა და არა პროკურატურას, რადგანაც პროკურატურის გავრცელებულ ტექსტში ამაზე არაფერი მიუთითებს.

ჰუბერტ კნირში პირველად ქართულ შიდა პოლიტიკურ ეპიცენტრში მაშინ მოექცა, როცა მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2019 წლის ივლისში თქვა, რომ 20 ივნისის დარბევისას პარლამენტში მასთან ერთად უცხოელი ელჩები იმყოფებოდნენ. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, გახარია სწორედ გერმანიის ელჩს გულისხმობდა. 

მართალია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით ელჩების “ფიზიკური მობილიზება არ ყოფილა, თუმცა მათთან ინტენსიური კომუნიკაცია იყო”, კნირში პარლამენტში დარბევამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მივიდა და როგორც ამბობს, ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია. საფრანგეთის მაშინდელი ელჩი ამბობდა, რომ მას გერმანელ კოლეგასთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და იცოდა, რომ ჰუბერტ კნირში იქ “მოვლენებს აკვირდებოდა”. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თანახმად, მოგვიანებით კნირშმა ოპოზიციურ პარტიას მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ 20 ივნისს შეცდომაში შეიყვანეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში თავიდან აცხადებდნენ, რომ პირველად ესმოდათ, თითქოს “ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.” 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში ყოფნა არ დაადასტურეს: აშშ-ის ელჩის მოვალეობის მაშინდელმა შემსრულებელმა, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთი, უკრაინისა და იტალიის მაშინდელმა ელჩებმა.

კომენტარები