თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ინფიცირებული პაციენტების კონტაქტია.
მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 24 ინფიცირებული მკურნალობს.
"ჩვენთან გუშინ ახალი დადასტურებული შემთხვევა არ მოთავსებულა. გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი და დატოვეს ჩვენი ცენტრი. 24 დადასტურებულ შემთხვევაში ახლო პერიოდში შემოსულ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო და მსუბუქია. კლინიკაში, ძირითადად, მკურნალობენ საშუალო სიმძიმის პაციენტები", - თქვა ეზუგბაიამ.
დღეს, 26 ივნისს, საქართველოში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 780 გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.





