კორონავირუსი საქართველოში

საგამოძიებო: ორმა პირმა კომპენსაციის მისაღებად დასაქმების ყალბი ცნობები დაამზადა და გაყიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის განსაზღვრული 300-ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, თითქოსდა ისინი თბილისში, კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობდნენ. ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა 100 ლარად გაყიდეს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

კომენტარები