კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ მისი კამპანიის 2 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

REUTERS

ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტულსაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეკრების შემდეგ მისი კამპანიის გუნდის 2 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო საიდუმლო სამსახურის ათობით წევრი თვითიზოლაციაშია.

საიდუმლო სამსახურში არ აკონკრეტებენ, რამდენ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი და რამდენია კარანტინში.

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის 6 წევრს კორონავირუსი წინასაარჩევნო შეკრებამდე დაუდასტურდა. The Washington Post-ის მიხედვით მათ შორის ორი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელია და ორივე მათგანი ესწრებოდა ტულსაში გამართულ შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ ტესტის პასუხები იცოდნენ.

შეკრების ჩატარების გამო ტრამპი ოპონენტებმა გააკრიტიკეს. დამსწრეთათვის სავალდებულო არ იყო პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა, თუმცა ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ ისინი დაავადდებოდნენ, ტრამპის კამპანია პასუხისმგებლობას იხსნიდა.

ტულსის სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეკრებას დაესწრო 6 200-მდე ადამიანი და დარბაზის ერთი მესამედი შეივსო. ტრამპის კამპანიის წარმომადგენლები კი ორჯერ უფრო მაღალ რიცხვს ასახელებენ.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მოახდინა თუ არა ამან გავლენა ტულსაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევების ზრდაზე. შეკრების მომდევნო დღეს ქალაქში ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ოკლაჰომის შტატში ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსით სულ 11 510 ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა 372.

კომენტარები