გიორგი რურუას საქმე

რურუა კუჭავას წერილზე: ვურჩევდი, გიორგი გაბუნიას დასაცავად მისწერონ ევროპარლამენტარებს

მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა "ამაზრზენს" უწოდებს პარლამენტის ვიცესპიკერის, კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტარებისთვის მიწერილ წერილს, სადაც კუჭავა რურუას 90-იან წლებში მომხდარ კრიმინალურ საქმეებზე ჰკიდებს პასუხისმგებლობას. 

რურუას თქმით, ეს წერილი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდი მსგავსი ბრალდებებით ცდილობს მის მიმართ წარდგენილი ოფიციალური ბრალი გადაფაროს. 

"მე ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს წერილი, ვიდრე რაღაც მოგონილ და აბსტრაქტულ ბრალდებებზე". – თქვა რურუამ სასამართლო პროცესზე. 

მთავარი არხის მეწილე ასევე ამბობს, რომ მზადაა, წერილში მოყვანილ ნებისმიერ ბრალდებას გასცეს პასუხები და, მისი აზრით, "ეს ტყუილები" კრიტიკას ვერ უძლებს. 

"კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ 20 ივნისის შემდეგ ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, დაგიჭერენო. ჩემი მეგობრებიც მეუბნებოდნენ, დაგიჭერენ. ელენე ხოშტარიასთანაც მილაპარაკია ამაზე. მეც ვგრძნობდი, რომ ყოველდღე ზეწოლა იყო, მაფრთხილებდნენ ჩემი მეგობრები [...] მე არც პრინციპების შეცვლას ვაპირებ და არც ბრძოლის შეწყვეტას". – ამბობს გიორგი რურუა. 

წერილი, რომელიც პარლამენტის ვიცესპიკერმა ევროპარლამენტარებს 23 ივნისს გაუგზავნა, ტაბულამ მოიპოვა. წერილში კახა კუჭავა ლაპარაკობს 90-იან წლებში მომხდარ სხვადასხვა გახმაურებულ დანაშაულზე და მათში გიორგი რურუას მონაწილეობაზე მიუთითებს. არცერთი ეს შემთხვევა სრულად გამოძიებული არ არის. 

გიორგი რურუა 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ მის დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს. 

გარდა იმისა, რომ ოპოზიციური არხის მეწილეა, რურუა ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდა მოძრაობა სირცხვილიას აქციებს. 

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი თქვა.

8 მარტს ფასილიტატორების მონაწილეობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა ისტორიული შეთანხმება. შეთანხმება ორნაწილიანია. დოკუმენტი, ერთი მხრივ, ეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, მეორე მხრივ კი პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

გიორგი რურუას გათავისუფლება სწორედ ამ შეთანხმების ნაწილია. საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას დაჟინებით მოუწოდებენ, გაათავისუფლოს გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე. 

კომენტარები