ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის პარტიას "მოქალაქეები" ერქმევა

droa.ge

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, პარტიას, რომელსაც ის აფუძნებს, მოქალაქეები ერქმევა. ის პოლიტიკურ პარტიას სამოქალაქო მოძრაობის ჯგუფთან ერთად არეგისტრირებს.

"პირველად ვამბობთ ამ პარტიას, თუმცა საჯარო რეესტრში, იუსტიციის სახლში, იციან – პარტიას ერქმევა მოქალაქეები. ამ ქვეყნის ყველაზე დიდი რესურსი არის მოქალაქეები. 

იდეოლოგიაზე ბევრს მელაპარაკებიან, თუმცა ჩემთვის მთავარი იდეოლოგიაც, მთავარი მიზანიც, მთავარი მამოძრავებელიც არის საქართველო და საქართველოს წინსვლა, საქართველოს გამდიდრება. ამ მთავარ მიზნამდე როგორ მივალთ, ცოტა მარცხენა ხედვებით, ცოტა მარჯვენა ხედვებით თუ ცენტრისტული ხედვებით, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. [...] პარტია მოქალაქეები პროპორციული არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას". – თქვა ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ელისაშვილი არ ადასტურებს, რომ ანა დოლიძე და ლევან კობერიძე მასთან ერთად პარტიაში იქნებიან, მისივე თქმით, ამ საკითხზე მათთან დიალოგი არ ჰქონია. ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ პოლიტიკური პლატფორმა 18 ივნისს შექმნეს.

კომენტარები