აშშ-რუსეთი-ჩინეთი

შეიარაღების კონტროლის შეთანხმებაში ჩინეთის ჩართვა რუსეთს არარეალისტურად მიაჩნია

სერგეი რიაბკოვი
Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ვენაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ არარეალისტურად მიაჩნია შეიარაღების კონტროლის შეთანხმებაში ჩინეთის ჩართვა. ინფორმაციას სააგენტო Interfax-ი ავრცელებს.

აშშ-მ ჩინეთს არაერთხელ მოუწოდა დისკუსიაში ჩართვისაკენ. მათ სურთ, რომ ახალ შეთანხმებაში ჩინეთიც მონაწილეობდეს, თუმცა ავსტრიაში გამართულ მოლაპარაკებებში ჩინეთის წარმომადგენელს მონაწილეობა არ მიუღია.

რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი მონაწილეობს, აშშ-ის მხრიდან კი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მარშალ ბილინგსლეა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ შეხვედრაზე სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტის (START) გახანგრძლივება განიხილეს. შეთანხმებას ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტი (New Start) უნდა მოიცავდეს "ახალ სისტემებს, როგორიცაა ბირთვული ენერგიით აღჭურვილი შეიარაღება, წყლისქვეშა სისტემა, დრონი ბირთვული შეიარაღებით, სახელად პოსეიდონი, ბირთვული საკრუიზო რაკეტა, საჰაერო ბალისტიკური რაკეტა და ამგვარი შეიარაღება".

გასული წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებიდან (INF) გასვლის შესახებ. აშშ შეთანხმებიდან სრულად აგვისტოში გავიდა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც. პუტინი დაიმუქრა, რომ, თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას  მცირე დროში გახდის შესაძლებელს. 

კომენტარები