ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი კვირიკაშვილის ლანძღვასა და ქებაზე: მაშინაც მართალი, გულწრფელი ვიყავი და ახლაც

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 2018 წელსაც გულწრფელი იყო, როცა გიორგი კვირიკაშვილს "გაშმაგებული აკრიტიკებდა" და ახლაც მართალია, როცა მას ყველაზე ღირსეულ პრემიერად თვლის. ელისაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ კვირიკაშვილი სხვა პრემიერებთან შედარებით, "10-20 თავით მაღლა დგას". სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ "თითზე ჩამოსათვლელი, ნორმალური და ხეირიანი ადამიანებიდან" ერთერთი სწორედ ყოფილი პრემიერმინისტრია.

"ძაან ემოციური ფონი იყო, სარალიძე-მაჩალიკაშვილის ამბები, შეხვდებოდა თუ არ შეხვდებოდა, აი, გაცოფებული ვიყავი, ცოფებს ვყრიდი, მაქვს ეს ნაკლი, ძაან ემოციური ვარ და ხშირად თავს ვერ ვიკავებ. მაშინაც იმ პოზიციაზე ვიყავი და მართალი ვიყავი და დღესაც.

ხომ გავიდა ამდენი დრო, არა? ჯერ ერთი, შევხედე, რომ კაცი წავიდა ღირსეულად , ბახტაძისგან და ღარიბაშვილისგან განსხვავებით ფეისბუქით და უკანა კარით არ გაპარულა, მის საქმიანობასაც რეალურად ვაფასებ და სხვებისასაც და, სხვებთან შედარებით, ადამიანობითაც და საქმიანობითაც, მაღლა დგას.

არცერთ ჩემს სიტყვას არ გადავთქვამ, გაცოფებული, გაშმაგებული ვაკრიტიკებდი მაშინ. მაშინაც გულწრფელი ვიყავი და დღესაც, მაგრამ ხომ დალაგდა რაღაცები"? – იკითხა ელისაშვილმა.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი განმარტავს, რა მოსწონს გიორგი კვირიკაშვილში.

"ერთი, როგორც წავიდა და მეორე – დროდადრო ავრცელებს ხოლმე განცხადებებს. რამდენიმე განცხადება იყო სახელმწიფო მოღვაწის განცხადება". – აღნიშნა ელისაშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკას ელისაშვილმა უპასუხა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან ბევრი შეკითხვა აქვს, თუნდაც ე. წ. ციანიდის, ან აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ "თუ ერთ სიბრტყეზე დავაყენებთ, გამორჩეულია".

"სხვებთან შედარებით, რამდენიმე, 10-20 თავით მაღლა დგას დანარჩენ ქართულ ოცნებასთან და დანარჩენ პრემიერმინისტრებთან შედარებით, ვინც ამ ქვეყანას ჰყოლია. რა ვქნა ახლა, შემეცვალა ეს დამოკიდებულება, რაღაცის გამო კი არა, უბრალოდ, ის ხომ დავალაგე, რა ... ჯერ, ისე არ წავიდა, როგორც ბახტაძემ და ღარიბაშვილმა დატოვეს თავჩაღუნულებმა, იმის შნო ეყო და არ არის მარტივი, ბიძინა ივანიშვილს ხმამაღლა უთხრა რაღაც და კარი გამოუჯახუნო, ერთი კვირიკაშვილმა გაბედა და მეორე ქობულიამ. ეს როგორ არ უნდა ვთქვა". – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი 2018 წლის ივნისში, როცა მაშინდელი პრემიერმინისტრი ხორავას ქუჩის საქმეზე დაწყებულ აქციაზე მივიდა, გიორგი კვირიკაშვილს "გაბღენძილს", "გულისამრევს", "დეგრადირებულს", "უსინდისოს", "სკამზე ჩაბღაუჭებულ გარეწარს" და "იდიოტს" უწოდებდა.

კომენტარები