ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი: ანა დოლიძეს რომ ბატონი რიჟა აფინანსებდეს, ჩემთვის თავზარდამცემი ამბავი იქნება

droa.ge

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრმა, ანა დოლიძემ ის დაარწმუნა, რომ დაფინანსებას ბიზნესმენ გიორგი კაპანაძისგან არ იღებს. ელისაშვილმა TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ თუ გავრცელებული ინფორმაცია მართალი აღმოჩნდება, მისთვის თავზარდამცემი იქნება.

"ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, ანა დოლიძის ორგანიზაციას ვინ აფინანსებს. ჩვენ, ლევან იოსელიანმა, ლევან კობერიძემ ძაან დაწვრილებით ვკითხეთ ანას, მართალი ხომ არ არის ის მოარული ხმები, რომ დისკრედიტირებული ბიზნესმენი, რიჟა აფინანსებს მას სინამდვილეში.

ანამ დაგვარწმუნა, რომ 1 თეთრი არ მიუღია დაფინანსება რიჟასგან, მე, რა თქმა უნდა, ანა დოლიძის თვალთვალს ვერ დავიწყებ და ვიდეოკამერას ვერ დავუყენებ, მაგრამ მე მისი მჯერა ... სიტყვაზე ვენდობი, არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო ანას, თუ ეს ასე არ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული გულდაწყვეტა კი არა, უფრო მეტი იქნება, მაგრამ არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ მას არ ვენდო". – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად დგას.

"სუფთა წარსული ძალიან მნიშვნელოვანია, დაფინანსებაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა, ჩემ გვერდზე იყოს ადამიანი, რომელსაც საეჭვო რეპუტაციის ბიზნესმენი ან არაბიზნესმენი აფინანსებს". – თქვა ელისაშვილმა.

კითხვაზე, თუ დადასტურდა, რომ გიორგი კაპანაძე აფინანსებს ანა დოლიძის მოძრაობას, ეს მისთვის მიუღებელი იქნება თუ არა, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი პასუხობს: "რა თქმა უნდა, ღმერთმა დამიფაროს, რომ ეს ასე მოხდეს, ეს იქნება ჩემთვის თავზარდამცემი ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანამ დაგვარწმუნა, რომ მას ერთი თეთრი არ აუღია ბატონი რიჟასგან". – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ პოლიტიკური პლატფორმა 18 ივნისს შექმნეს.

კომენტარები