პარტია ქართული ოცნების ლობისტებმა ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტის პასუხად წერილი გაგზავნეს, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავენ ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურად მოხსენიების გამო. Hogan Lovells-ის წერილი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ლობიზმის რეგულირების სააგენტომ გაასაჯაროვა.
"ქართული ოცნება გამოხატავს შეშფოთებას მისი ლიდერის და დამფუძნებლის, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით ნეგატიური განცხადებების გამო. ეს კომენტარები, როგორც ჩანს, დოკუმენტებზე დაყრდნობით არ გაკეთებულა. ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ მისი მეთაურობით ქართული ოცნების მთავრობამ საქართველო დასავლურ ალიანსს და აშშ-ს უფრო მეტად დაუხალოვა, ვიდრე ოდესმე ქვეყნის ისტორიაში." – ნათქვამია წერილში, რომელიც კონგრესმენებს გაეგზავნა.
10 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გაზარდოს სანქცირებულ ადამიანთა სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად მოხსენიებულია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
უფრო კონკრეტულად, რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა" და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, შესამისად, საჭიროა სანქციების დაწესება.
ვრცლად წაიკითხეთ აქ
ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. ეს ნიშნავს, რომ ტექსტის მომზადებაზე უშუალოდ ეს კონგრესმენები მუშაობდნენ, თუმცა, მის შინაარსს 147 კონგრესმენი იზიარებს.