ქართული ოცნების ლობისტები

პრემიერი ოპოზიციის წინააღმდეგ ლობისტებზე: ძალიან დიდი და განუსაზღვრელი ფანტაზიის ნაყოფია

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრი ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს რუსთავი 2-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვით ქართული ოცნება ლობისტებს ოპოზიციის წინააღმდეგ შავ პიარს უკვეთავს.

"სიმართლე გითხრათ, მე ეს დიდი ფანტაზიის ნაყოფი მგონია. მე ძალიან გამიჭირდება დავიჯერო. გავეცნობი, თუ გაქვთ ეს დოკუმენტი. ჩემი შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი და განუსაზღვრელი ფანტაზიის ნაყოფი. თითოეული ჩვენგანი დარწმუნდეს, რომ ეს არის ვალიდური დოკუმენტი და მერე მივცეთ შეფასება. მე არაერთხელ მახსოვს, როდესაც მსგავსი ინფორმაციებით საზოგადოებას უმტკიცებდნენ რომ იყო ფაქტი და შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ეს იყო ელემენტარული ტყუილი. დავრწმუნდეთ ყველა და მერე მივცეთ შეფასება", - უთხრა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ მიაწოდეს მიმოწერა, სადაც ჩანს როგორ უკვეთავს ქართული ოცნება ოპოზიციის წინააღმდეგ შავ პიარს ლობისტებს. R2 ამბობს, რომ მასშტაბური მიმოწერა 600 დოკუმენტისგან შედგება და ტელევიზიაში მას ეტაპობრივად შიფრავენ. პირველი მიმოწერა, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, ევროპული საქართველოს წევრ გიგი წერეთელს ეხება. R2 ამბობს, რომ მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს მის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის კამპანიას გეგმავდნენ, რათა წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არ აერჩიათ.

კომენტარები