ქართული ოცნების ლობისტები

ოხანაშვილი: ლობისტურ ჯგუფებს არა პარტიული, არამედ სახელწიფოს ინტერესებისთვის ვქირაობთ

ანრი ოხანაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ქართული ოცნების მიერ აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანიის დაქირავებას ეხმაურება და ამბობს, რომ უმრავლესობა მათთან არა პარტიული, არამედ სახელმწიფოს ინტერესებისთვის თანამშრომლობს. 

"მთავარი იცით, რა არის? ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ჰყავდა და დღესაც ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას, სახელმწიფოს იმიჯზე და ინტერესებზე კი არ ზრუნავდნენ, ზრუნავდნენ პარტიულ ინტერესებზე. ჩვენ მათთან არა პარტიული ინტერესებისთვის, არამედ, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებისთვის ვთანამშროლობთ. სახელმწიფოს ბიუჯეტი ხმარდება სახელმწიფოს ინტერესებს",-ამბობს ოხანაშვილი.   

ოხანაშვილის თქმით, ლობისტური კომპანიების საშუალებით უმრავლესობა აშშ-ს "მაქსიმალურად ობიექტურ და ზუსტ" ინფორმაციას მიაწვდის იმაში, რომ "ოცნებას" ლობისტური ჯგუფები ეყოლება, "გასაკვირი არაფერია"

"ლობისტური საქმიანობა აშშ-ში ჩვეულებრივი დემოკრატიის შემადგენელი კომპონენტია. შესაბამისად, ეს მხოლოდ მისასალმებელია",-ამბობს ოხანაშვილი. 

გუშინ, 13 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ "ოცნებამ" აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა, ამჯერად 300 ათას დოლარად. შეთანხმებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.  

გამოცემა Bloomberg-ზე ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა, სადაც ავტორი ელი ლეიკი ივანიშვილს "ჩრდილოვან ბოსად" მოიხსენიებს და წერს, რომ მან ვაშინგტონში ახალი ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც "ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა მის მიერ ხელდასმულ პრემიერმინისტრს" რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.

"რაც საინტერესოა ამ კონტრაქტის შესახებ, ისაა, რომ კომპანია წარმოადგენს ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიას და არა ხელისუფლებას, რომელსაც ამ ეტაპზე ეს პარტია აკონტროლებს" - წერს ავტორი.

წინა კვირაში დაქირავებულ კომპანიას ქართული ოცნება 900 ათას დოლარს გადაუხდის

გასულ წელს ოცნებამ ლობისტურ მომსახურებაში ჯამურად 2,7 მილიონი დოლარი გადაიხადა, წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება უკვე მილიონ დოლარს აღემატება. პოლიტიკური ცხოვრების საწყის ეტაპზე, ლობისტების მომსახურებით ხშირად სარგებლობდა ბიძინა ივანიშვილიც. 2012 წელს ივანიშვილმა ლობისტების მომსახურებაში 6 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

კომენტარები