საპარლამენტო არჩევნები 2020

ელისაშვილი: ლეიბორისტულ პარტიაში შეხვედრებს გამოვეთიშე, დისკომფორტი მქონდა

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

ალეკო ელისაშვილი, რომელმაც დღეს ანა დოლიძესთან და ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა დააარსა, ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრებს გამოეთიშა.

მისი თქმით, იქ მყოფი ხალხის 90%-თან ერთად ყოფნა მისთვის დისკომფორტი იყო და ამიტომ შეხვედრებზე აღარ ივლის.

"გამოვეთიშე იმიტომ, რომ იქ ძალიან დისკომფორტი მქონდა, მეც, ლევან იოსელიანსაც, ვინც ვმონაწილეობდით სამოქალაქო მოძრაობიდან. ძალიან ბევრი მიუღებელი ადამიანი ესწრებოდა იმ მაგიდას, იდეოლოგიურადაც, პიროვნულადაც, [იყვნენ] პრორუსებიც..

90% იქ მყოფი ხალხის [მიქმნიდა დისკომფორტს], ნაციონალებიდან დაწყებული, ძალიან ბევრი პარტიით დამთავრებული, რომლებისთვისაც პოლიტიკა არის უბრალოდ საშოვარი, აი პასტით და ფურცლით რომ იყვნენ, რათა თავისი ხეირი დაეთვალათ, ბიუჯეტიდან რამდენს მოციცქნიან დაფინანსებას და 2-2 პარტიით რომ არიან დარეგისტრირებულები და ჭამენ, ხრავენ ამ საქართველოს ფულს", - ამბობს ელისაშვილი.

მან ამის შესახებ გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, ამიერიდან დაუპირისპირდება თუ არა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებთან ერთადაც ერთ მაგიდასთან იჯდა.

"ნაციონალურ მოძრაობას მაშინ ვუპირისპირდებოდი, ქართული ოცნების 90% ან მათთან რომ იყო, ან ბუჩქებში რომ იყვნენ დამალულები და გამადიდებელი შუშით რომ ვერ იპოვნიდი. ვუპირისპირდები რა, ერთადერთი საერთო რაც მაქვს მათთან, ეს არის, არჩევნები იყოს120/30-ზე მოდელით. იმიტომ, რომ ეს არის პატიოსანი წესი, ეს არის ისეთი სისტემა, რომელიც ქვეყანას ამოასუნთქებს', - ამბობს ელისაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში უკვე რამდენიმე თვეა, მთელი ოპოზიციური სპექტრის კონსულტაციები მიმდინარეობს. ისინი საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენებას გეგმავენ.

თუმცა მანამდე, ჯერაც უცნობია, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიჩნეული გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გეგმავს, მხარი არ დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნებზე მანდატები 120/30-ზე პროპორციით უნდა გადანაწილდეს. ამ შემთხვევაში არჩევნები არსებული 77/73-ზე წესით გაიმართება.

დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს.

კომენტარები