ანა დოლიძე

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

რუსთავი 2

ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ შექმნეს პოლიტიკური პლატფორმა. მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს.

პლატფორმის პრეზენტაციაზე დოლიძემ თქვა, რომ მათი მიზანი არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დარღვევაა.

"საზოგადოების დღის წესრიგი მონოპოლიზებული აქვს ორ ძალას, რომელიც ფსევდოდაპირისპირებით სინამდვილეში ერთმანეთს აძლიერებს, ხოლო ხალხის ყოველდღიური, რეალური პრობლემები და ხალხის გაჭირვება ამ პოლარიზებული დღის წესრიგის მიღმა რჩება. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკის არსი და პოლიტიკოსების როლი ხალხის მსახურებაა და არა პრივილეგიების მოხვეჭა - ის, რაც დღეს ხდება.

ჩვენ გვაერთიანებს სუფთა წარსული, აქამდეც ვიბრძოდით, ვშრომობდით და კიდევ უფრო თავდაუზოგავად ვიშრომებთ საქართველოს წარმატების, კეთილდღეობისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაერთიანებისთვის. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ მსჯელობის და დისკუსიის განსხვავებული პლატფორმა, რომელიც გახდება დღევანდელი პოლარიზებული ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა და რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს მსგავსი ფასეულობების, პატრიოტ, კეთილსინდისიერ და ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ მოქალაქეებს", - თქვა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ დააფუძნა სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" 2020 წლის 21 მაისს. პარალელურად, 2018 წლის ივნისიდან ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ დოლიძე კანონს არღვევს.

დოლიძეს საბჭოს დატოვება 15 ივნისს 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც მოსთხოვა. NGO-ების შეფასებით, ამან საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის საბჭოში მის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

"ამიტომ, თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ, თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ", - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

ამასთან, ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს. გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს.

კომენტარები