გიორგი გაბუნიას საქმე

ჯაღმაიძე: რამე თუ დამემართა, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდის, მაინცდამაინც იმის ბრალია

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაძის თქმით, მას არც არგუმენტები, არც კომპეტენცია ჰყოფნის, დაასკვნას, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეში რუსეთის ინტერესები იკვეთება.

ტვ პირველმა დეკანოზს ჰკითხა, მიუთითებს თუ არა კადიროვის მუქარები და სხვა გარემოებები იმაზე, რომ გაბუნიას სიცოცხლეს საფრთხე რუსეთის მხრიდან ემუქრება.

"რა ჩემი კომპეტენციაა ასეთი დასკვნების გაკეთება, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემ მიმართაც ყოფილა ბევრი მუქარა. ღია სივრცეშიც არის ხელმისაწვდომი. მე თუ რამე დამემართება, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდიოდა, მაინცდამაინც იმის ბრალია. დღეს არც არგუმენტები, არც კომპეტენცია მყოფნის იმისთვის, რომ ასეთი დასკვნები გავაკეთო". – თქვა ჯაღმაიძემ.

15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 12 ივნისს სუს-ის მიერ ქავთარაძის ქუჩაძე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კაცი, რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი საქართველოში გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაციას თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა, მოგვიანებით მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რამდენიმე საათში კი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა და მიუთითა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. გაბუნია ასევე დაგმო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".
 
კადიროვმა გაბუნიას მიმართ მუქარა 16 ივნისსაც გაიმეორა და თქვა, რომ "გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი".
 
ყველა ამ გარემოების მიუხედავად, არც პრემიერმინისტრმა გახარიამ, არც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, არც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, არც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გაბუნიას საქმის შეფასებისას რუსეთი არ ახსენეს და აქცენტი "საქმის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე" გააკეთეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი თქვა, რომ სხვა ქვეყნის დადანაშაულების უფლება არ აქვს.

კომენტარები