გიორგი გაბუნიას საქმე

ნადირაშვილი გახარიას: მიჩნდება განცდა, რომ გიორგი გაბუნიას სიცოცხლე თქვენთვის სულერთია

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის, ირმა ინაშვილის, თქმით, მას უჩნდება განცდა, რომ გიორგი გაბუნიას საქმე პრემიერ გიორგი გახარიასთვის სულერთია და ეს საკითხი ამიტომ ვერ მოხვდა პრემიერის წლიურ ანგარიშში. 

"შეგეძლოთ, გაბუნიას თემაზე გარკვეული ინფორმაცია პარლამენტისთვის მოგეცათ და თუ რაიმე ასეთ ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, რომ გაგვიზიაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიჩნდება განცდა, რომ იმის გამო, რომ გიორგი გაბუნია მთავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი და მუდმივად გაკრიტიკებთ, სულერთია თქვენთვის მისი სიცოცხლე.

რაც არ უნდა გაღიზიანებული იყოთ იმ არხზე, სადაც ის მუშაობს, ის არის საქართველოს მოქალაქე, მას თქვენი იმედიც უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთი ვერ ხელყოფს მის სიცოცხლეს", - ამბობს ნადირაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მთავარი არხის ცნობითვე, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა შეაგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს.

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს, ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და დაწერა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება.

ხელისუფლების არცერთი შტოს არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ უხსენებია რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხე. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიებას, რათა გაიგონ, ვის ინტერესებში შედიოდა გაბუნიას მკვლელობის მცდელობა.

კომენტარები