გიორგი გაბუნიას საქმე

"გვაქვს უფლება, ჩვენი მოპოვებული ინფორმაცია არ გავამჟღავნოთ" - მელაძის გამოკითხვა დასრულდა

ნოდარ მელაძე
ტვ პირველი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში TV პირველის მთავარი პროდიუსერის, ნოდარ მელაძის გამოკითხვა დასრულდა.

სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ გამოკითხვა ეხებოდა 19 ივნისს TV პირველის ეთერში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ გასულ სიუჟეტს. ნოდარ მელაძის თქმით, ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის შესახებ მან ჩვენება არ მისცა.

"კითხვების პირველი ნაწილი ეხებოდა, როდის გავიგე იმის შესახებ, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა, მქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გიორგი გაბუნიასგან და ხომ არ უთქვამს მანამდე, რომ თვალთვალის მსხვერპლი იყო. მათ აინტერესებდათ, არის თუ არა ისევ ჩვენთან შენახული დოკუმენტები პირველადი ვიზუალური ფორმით".

"ჩვენ ვუპასუხეთ, რომ როდესაც მზადდება რეპორტაჟი და გადის ეთერში, ეს დოკუმენტები, წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პირველადი ფორმით აღარ ინახება, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ არ მივცეთ ჩვენება". – თქვა ნოდარ მელაძემ.

ჟურნალისტის ადვოკატი ამბობს, რომ გამოკითხვის პროცედურა გამჭვირვალედ და ქვეტექსტების გარეშე ჩატარდა.

"გამომძიებელს ლოგიკურად ევალებოდა, ამ საქმიდან გამომდინარე დაესვა ის კითხვები, რაც ჩვენ მიმართ გამოიყენეს.

შესაბამისად, ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რისი მიწოდების ვალდებულებაც გაგვაჩნდა, რაც შეეხება თვითონ ინფორმაციის წყაროს, ჟურნალისტურ საქმიანობას, ეს კანონით არის დაცული და ამის გამჟღავნების ვალდებულება ჩვენ არ გვაკისრია". – თქვა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე გამოიკითხება TV პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მთავარი არხის ცნობითვე, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეაგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს.

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს, ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და დაწერა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება.

ხელისუფლების არცერთი შტოს არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ უხსენებია რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხე. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიებას, რათა გაიგონ, ვის ინტერესებში შედიოდა გაბუნიას მკვლელობის მცდელობა.

კომენტარები