კორონავირუსი საქართველოში

ვის ჩაუტარდება გეგმურად სავალდებულო PCR ტესტირება - მთავრობის დადგენილება

CNN

საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა იმ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი, ვისაც ერთ ან ორ კვირაში ერთხელ, კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდება. მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

PCR ტესტირება ჩაუტარდებათ:

ა) კორონავირუსის სტანდარტული განმარტებით მოცულ შემთხვევებს;

ბ) დადასტურებული ინფიცირებულების კონტაქტებს;

გ) იზოლაციიდან/კარანტინიდან სამედიცინო დაწესებულებებში მოხვედრილ პაციენტებს;

დ) ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილ პაციენტს, რომელსაც აქვს პნევმონიის დიაგნოზი. ასევე, ცხელება, თუ ამავდროულად აქვს რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელებისა და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;

ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში მოხვედრილი ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირატორული დაავადების ნიშნები, ან ექიმის გადაწყვეტილებით მხოლოდ ცხელებისა და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები;

ვ) სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი, ასევე პირველადი ჯანდაცვის (მათ შორის, სოფლის ექიმი და ექთანი) სამედიცინო პერსონალი (გეგმურად, 7 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – მაშინვე). 

ზ) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში - მაშინვე).

თ) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებში:

  • მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში - მაშინვე).
  • ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე;

ი) ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე;

კ) ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – მაშინვე).

ლ) იმ სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალი, რომლებშიც მკურნალობენ ტუბერკულოზზე დიაგნოსტირებულ პაციენტებს (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში - მაშინვე).

მ) დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში - მაშინვე).

ნ) საკარანტინე სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები საკარანტინე სივრცის დატოვებამდე ან/და თვითიზოლაციის ვადის გასვლამდე 24 საათით ადრე ან შემთხვევის სტანდარტული განმარტების შესაბამისი რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე;

ო) საკარანტინე სივრცეებში მომუშავე პერსონალი (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში - მაშინვე).

პ) საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში - მაშინვე).

ჟ) ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები; (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში - მაშინვე).

რ) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგები, რომლებიც უშუალოდ იკვლევენ კონტაქტებს ან ატარებენ ტესტირებას; (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში - მაშინვე).

ს) ახალი კორონავირუსის (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (შემდგომში – PCR) ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი; (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში - მაშინვე).

ტ) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (გარდა ტრანზიტისა);

უ) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები (იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარება სავალდებულოა);

ფ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – მაშინვე).

ქ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან - (გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში - მაშინვე).

ღ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები (საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები – გეგმურად, 14 დღეში ერთხელ, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში – მაშინვე).

საქართველოში კორონავირუსის 888 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 731 ადამიანი და გარდაიცვალა – 14.

კომენტარები