საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე ავტობუსებზე ველოსიპედების სამაგრების დაყენებას გეგმავს

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, დედაქალაქში მოძრავ ავტობუსებზე ველოსიპედების სამაგრების დაყენება იგეგმება. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, თბილისში ველოსიპედს ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ავტობუსებში მისი ატანა კი აკრძალულია, ამიტომ თბილისის მერს სურს "საუკეთესო ქალაქების მაგალითები გადმოვიტანოს" და ავტობუსებზე ველოსიპედის მომხმარებლებისთვის სამაგრები დამონტაჟდეს.

"ყველა განვითარებულ ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, წინ ან უკანა მხარეს სპეციალური სამაგრების საშუალებით, ველოსიპედები დაუმაგრდეს. ადამიანი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობს, დაამაგრებს ავტობუსზე, ავა ტრანსპორტში და A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილებას შეძლებს", - ამბობს კალაძე.

კომენტარები