ბრიტანეთი

ლივერპულის უნივერსიტეტი შენობისთვის უილიამ გლადსტონის სახელის გადარქმევას აპირებს

ლივერპულის უნივერსიტეტი შენობისთვის ყოფილი პრემიერმინისტრ უილიამ გლადსტონის სახელის გადარქმევას მონობით ვაჭრობასთან კავშირის გამო აპირებს.

10 ივნისის განცხადებაში აღნიშნულა, რომ უნივერსიტეტი დასაქმებულებთან და სტუდენტებთან ერთად იმუშავებს, რათა მისაღებ ალტერნატიულ სახელზე შეთანხმდნენ. 

ეს განცხადება უნივერსიტეტმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც სტუდენტებმა უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილეს, პროფესორ დეიმ ჯანეტ ბირს შენობისთვის სახელის გადარქმევის მოწოდებით წერილი მისწერეს.

ისინი ითხოვენ, რომ უნივერსიტეტმა შეწყვიტოს "კამპუსისთვის უილიამ გლადსტონის სახელის დარქმევით მისი მსგავსი ადამიანების ნორმალიზება".

უილიმ გლადსტონი 1809 წელს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლივერპულში დაიბადა. ის ერთადერთია, ვინც ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა ოთხჯერ დაიკავა. ის ბრიტანეთის ლიბერალიზმის ისტორიაში ერთერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

მაშინ, როდესაც 1833 წელს ბრიტანეთმა მონობა აკრძალა, მის მამას, პარლამენტარს და კარიბის ზღვაში, დასავლეთ ინდიებში პლანტაციის მფლობელს, სერ ჯონ გლადსტონს, კომპენსაციად 83 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

ამავე წელს, თემთა პალატაში გამოსვლისას, ემანსიპაციის კანონპროექტზე დებატების დროს უილიამ გლდსტოუნმა მონების არასათანადო მოპყრობის ბრალდებების წინააღმდეგ მამა დაიცვა. 

სტუდენტებმა გლადსტონი გააკრიტიკეს პლანტაციის მფლობელთა ინტერესების ადვოკატირებისთვის ნაცვლად "მონათა თავისუფლებისა, რასაც ის და მისი მამა ფინანსურად ეყრდნობოდნენ". მათ სახელის შეცვლა "შავი შევიწროების უარყოფაზე სოლიდარობის გამოსახატად" გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში აქციების დროს ედვარდ კოლსტონის ძეგლი ჩამოაგდეს, ოქსფორდის უნივერსიტეტში კი სესილ როდსის ძეგლის აღებას ითხოვენ. ქანდაკებების აღების მოთხოვნით გამოდიან აშშ-შიც. 

გასულ კვირას გამართული აქციებისას ჩერჩილის ქანდაკებას გაუკეთეს წარწერა - "ის რასისტი იყო" და დაამაგრეს ბანერი წარწერით "შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია". ლონდონში კვლავ იგეგმება აქციები, რის გამოც ჩერჩილის ძეგლს დამცავი ბარიერი გაუკეთეს.

ჯონსონმა მომხდარს სამარცხვინო ფაქტი უწოდა:

"პარლამენტის მოედანზე მდგარი უინსტონ ჩერჩილის ძეგლი მუდმივად გვახსენებს მის მიღწევებს ამ ქვეყნის და დანარჩენი ევროპის გადარჩენაში ფაშისტური და რასისტული ტირანიისგან".

კომენტარები